გიორგი შარაშიძე – ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებონ, თუ ვინმესთან თანამშრომლობას განვიხილავთ, ისევ „ლელო“ იქნება – რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათ არ აქვთ გახარიასთან და მის გუნდთან დებატების უნარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ გაერთიანებებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან პარტიისთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „ნებისმიერი წარმონაქმნი“.

როგორც შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკუთარ პოლიტიკურ გზას მიჰყვება და აქვს მკაფიო ხედვა, როგორ იბრძოლოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

მისი თქმით, პარტია პარლამენტში აქტიურად არის წარმოდგენილი და ყოველდღიურად მონაწილეობს დებატებსა და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში.

„ხომ ერთიანდებიან ოპოზიციური პარტიები? გაერთიანდნენ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებონ ერთხელ და სამუდამოდ. მათთან არ ვაპირებთ არანაირ გაერთიანებს უამრავი მიზეზი გვაქვს. რაც გააკეთეს გაერთიანებისთვის, კარგად ვნახეთ 4 ოქტომბერს. ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ნებისმიერი წარმონაქმნი და მათთან ერთიანობა. ეს აქამდეც წითელი ხაზი იყო, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს ვამბობდით და რაც 4 ოქტომბერს გააკეთეს, მის შემდეგ საერთოდ არანაირი შეხებაც კი არ გვაქვს მათთან. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ერთობაზე ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებმაც ასე გააძლიერეს „ოცნება“ და დაასუსტა ოცნება“, – განაცხადა შარაშიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა ყველა ოპოზიციური პარტია არ უკავშირდებოდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა შარაშიძის შეფასებით, მათი უმეტესობა ამ პოლიტიკური ძალის ყოფილი წევრებით არის დაკომპლექტებული.

ამასთან, შარაშიძემ დააზუსტა, რომ მისი შეფასებები პარტია „ლელოს“ არ ეხება. მისი თქმით, თანამშრომლობის შესაძლებლობა მხოლოდ „ლელოსთან“ განიხილება,

„ის პარტიებიც ხომ ფაქტობრივად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობაა“?! შეიძლება შვიდივე არა, მაგრამ უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ვიცით როგორ ვიბრძოლოთ „ოცნების“ წინააღმდეგ. დავაზუსტოთ, პარტია „ლელოს“ ეს არ ეხება. თუ ვინმესთან თანამშრომლობას განვიხილავთ, ისევ „ლელო“ იქნება. მგონია, რომ ერთობის წვერი „ლელოც“ არ გახდება“,- განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, შარაშიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ისაუბრა, რომ საჭიროა საზოგადოებრივი დისკუსია დაბრუნდეს.

შარაშიძის თქმით, ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა თავიდანვე აღიარებს შეცდომებს და შემდეგ იწყებს კონკრეტულ ნაბიჯებს, თუმცა, მისი თქმით, ეს „ოცნებას“ არ ახასიათებს.

„ნორმალური ვითარება რომ იყოს და მართლა პასუხისმგებლობიანი ძალა იყოს, ჯერ იწყება აღიარებით, მერე კი ნაბიჯების გადადგმა ხდება. მას შემდეგ, რაც გახარიამ ოპოზიციური პარტია დააარსა, მათ არ აქვთ გახარიასთან და მის გუნდთან დებატების უნარი. ორი აბსურდული საქმე შეუკერეს : 20 ივნისის და ჩორჩანას საქმე.

არავისთან არ გვაქვს დებატის პრობლემა. „ოცნებასთან“ პარლამენტში ვართ დებატების ფორმატით. გაცილებით აქტიურები ვიქნებით საგაზაფხულო სესიაზე, გვაქვს ბერკეტები ინტერპელაციის წესით მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის დაბარების და ა.შ“, – განაცხადა შარაშენიძემ.