თბილისში რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს კონცერტი გაუქმდა. ინფორმაციას ქართულ ამბებზე მომუშავე ბლოგერი და საქართველოს შესახებ ყველაზე დიდი რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს. ღონისძიება 30 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში იყო დაგეგმილი.
ორგანიზატორებს გაუქმების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ, თუმცა განიხილება რამდენიმე ძირითადი ფაქტორი.
– ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოსვლა: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფის წევრები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე — დონეცკსა და ყირიმში მართავდნენ კონცერტებს. ამ ფაქტმა ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი პროტესტი გამოიწვია.
– დაბალი რეიტინგი: კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ბილეთების ცუდი გაყიდვები სახელდება. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე დარბაზის ნახევარზე მეტი ცარიელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ, ვინც ბილეთები უკვე შეიძინა, გადახდილი თანხა უახლოეს პერიოდში სრულად დაუბრუნდებათ.




