სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა – მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ განცხადებაში წერს.

კოალიციის შეფასებით, ბექაურის ხელმძღვანელობის პერიოდში მარეგულირებელი ორგანო სისტემურად იღებდა შერჩევით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და ჩამოყალიბდა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინსტიტუტად.

კოალიცია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პრაქტიკამ განაპირობა ბექაურის დასანქცირება ლიეტუვისა და უკრაინის მიერ, ხოლო 2025 წლის თებერვალში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც მოითხოვა.

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში – უწყებაში, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა. კომისიის სადამსჯელო საქმიანობა არ იყო ერთჯერადი ან სპონტანური. ბექაურის ფორმალური კონტროლის ქვეშ მყოფი მარეგულირებელი წლების განმავლობაში იღებდა შერჩევით, მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სისტემურმა მხარდაჭერამ განაპირობა კახა ბექაურის დასანქცირება ლიეტუვის და უკრაინის მიერ, როგორც პირის, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და მარეგულირებლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევაში. 2025 წლის თებერვალში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ელიტისთვის, მათ შორის ბექაურისთვის სანქციების დაწესებას.
კახა ბექაურის მემკვიდრეობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ უკავშირდება მედიისთვის სტაბილური, თავისუფალი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისია ჩამოყალიბდა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინსტიტუტად, რომლის აქტიურობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ. კომისია ვერ გაძლიერდა ინსტიტუციურად – ვერც დამოუკიდებლობის, ვერც პროფესიული ავტორიტეტის და ვერც საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით, რადგან მისი გავლენა მეტწილად სანქცირების შესაძლებლობასა და შერჩევით აღსრულებას ეფუძნებოდა და არა თანმიმდევრულ, გამჭვირვალე და სამართლიან რეგულირებას, – ნათქვამია განხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება სრულად ნახეთ აქ.