“შეთანხმება”, “დეკლარაციებზე ხელის მოწერა” – ასეთი რაღაცების არ მჯერა – ხალხი რომ იტყვის: “ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი”, მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციურ ერთობად შეიძლება განხილული იყოს ის ერთობა, რომლის მიმართაც ამომრჩეველს აქვს სანდოობა და ამყარებს იმედებს.
“ოპოზიციური ერთობა, რასაც ჰქვია, მხოლოდ ის ერთობა შეიძლება იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური ერთობა, რომელზეც ამომრჩეველი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ, აი, ეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდი მოდის ხელისუფლებაში, რომლის მიმართაც გვაქვს სანდოობა, ვამყარებთ იმედებს, მკაფიოდ არის გამოკვეთილი ლიდერშიფი, აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მომავალზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ეს არის ერთობა, კონსოლიდირებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ალტერნატივას. დანარჩენი, კოორდინირებები, საერთო მაგიდის გარშემო დავსხდეთ, ვისაუბროთ, შემდეგ ეს გავაპიაროთ და რამდენიმე ხანში ეს კვლავ ყველას მიავიწყდეს, შეთანხმება, დეკლარაციებზე ხელის მოწერა – ასეთი რაღაცების მე არ მჯერა. მე მჯერა იმის, რომ თუ შედგება ერთიანობა, ერთიანი გუნდი ერთიანი სტრუქტურით, კონკრეტული ალტერნატივის განსახიერება ამომრჩევლის თვალში. ხალხი რომ იტყვის, ამ ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი, მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა.
დანარჩენი არის უბრალოდ რაღაცა, რამდენიმე დღით გასაშუქებლად, თქვენც მასალა გქონდეთ და სხვებიც ბედნიერები იყვნენ, რომ დავსხედით და ვილაპარაკეთ”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ასევე, ცისკარიშვილმა ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი ამოცანა არის “რეჟიმის შეცვლა”, რადგან კვლავ რჩებიან ციხეებში “პოლიტიკური პატიმრები”.
“ძალიან გვიხარია და პოზიტიური განწყობა მოიტანა ჩვენი მეგობრის, თანამებრძოლის, გივი თარგამაძის თავისუფლებამ, მაგრამ მთლიანად ქვეყანაში დამძიმებული გარემოა, დამძიმებულია განწყობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი, ჯერ კიდევ, ციხეში რჩება. “რუსთავის ციხეშიც, გლდანის ციხეშიც ახალგაზრდა ბიჭები არიან დაჭერილები, მათ თავისუფლებაზე გამოსვლას ჯერ არანაირი პერსპექტივა არ უჩანს ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მთავარი არის და ჩვენ ამოცანად რჩება რეჟიმის შეცვლა იმისთვის, რომ ამ უდანაშაულო ხალხმა თავისუფლება მოიპოვოს”. განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




