რუსულმა ონლაინ მაღაზიამ “მამა გაბრიელის მიწისა” და სამთავროს “ძუძუს წყლის” გაყიდვა დაბლოკა

ტელეგრამ-არხი Осторожно, новости წერს, რომ რუსულმა Wildberries-მა დაბლოკა პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტები, “წმინდა გაბრიელ ურგებაძის საფლავის მიწა” და სამთავროს მონასტრის “სასწაულმოქმედი წყაროს ძუძუს წყალი”, რომელიც, გამყიდველის მტკიცებით, კიბოსა და სხვა მძიმე დაავადებებს კურნავს.

Осторожно, новости-ის მიხედვით, წყლის ფასი 32.09 ლარს (900 რუბლს) შეადგენდა, მიწისა კი – 10.7 ლარს (300 რუბლს). ამასთან, წმინდა ნინოს მიერ ნაკურთხი “ძუძუს წყლის” დასალევად მისი გაზავება იყო საჭირო.

კომენტარებში მომხმარებლები გამყიდველებს მადლობას უხდიდნენ და წერდნენ, რომ “მკურნალობას” დაიწყებდნენ.

როგორც ტელეგრამ-არხი წერს, ონლაინ გაყიდვების კომპანიამ, Wildberries-მა განუცხადა, რომ შიდა გამოძიება ჩაატარეს და პროდუქტების გამყიდველები დაბლოკეს.

“გამყიდველების მხრიდან რაიმენაირი დარღვევის დადგენის შემთხვევაში პლატფორმა მათი აღმოფხვრისთვის დაუყოვნებელ ზომებს იღებს და პლატფორმაზე მათ რეალიზაციას არ უშვებს. მოცემულ მომართვასთან დაკავშირებით ჩვენ შიდა გამოძიება ჩავატარებთ. გამოძიების შედეგების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაიბლოკა”. – განაცხადა კომპანიამ.

წყარო