ბათუმში თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის კუთვნილი ცხრა საცხოვრებელი კორპუსი კონფისკაციას დაექვემდებარა. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შენობები უკანონოდ იყო აშენებული და მათ მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვები არ არსებობდა.
კონფისკაციის შემდეგ, ღამით კორპუსებთან მივიდნენ უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან ბინების გადაცემა მოითხოვეს. მათ შორის იყვნენ ეკომიგრანტებიც, რომლებიც, მათი თქმით, წლებია სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან.
ცხრა კორპუსი ბათუმში ისე აშენდა, რომ სამშენებლო ნებართვა არ ჰქონია. უკანონო მშენებლობის ფაქტი წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აღნიშნულ ბიზნესმენსა და ივანიშვილის პარტიას შორის ურთიერთობები გაუარესდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ეწევა კონფისკირებულ ქონებას და ვის გადაეცემა აღნიშნული საცხოვრებელი ფართები.




