იგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოკლული პედაგოგის ოჯახს საჯაროდ პასუხობს და მუქარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ალექსანდრე გაბაშვილი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ან მისი ოჯახის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
გაბაშვილი ასაჯაროებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც, მისი თქმით, ავალიანების ოჯახს გაუგზავნა. წერილში ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი გარდაცვლილი მასწავლებლის ახლობლებს პირისპირ შეხვედრას სთხოვს – ჟურნალისტებისა და ადვოკატების გარეშე.
დაკავებული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანთან მივიდა ერთადერთი მიზნით – გაერკვია, რატომ წერდა პედაგოგი მის შეყვარებულს პირად შეტყობინებებს.
მისი თქმით, მომხდარის ინტერპრეტაცია, როგორც წინასწარ განზრახული დანაშაულის ან მუქარის, არასწორია.
რა მიწერა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანის ბიძას:
“გამარჯობა, ირაკლი, მე გაბაშვილის მამა ვარ. პირველ რიგში, მინდა, იცოდეთ, თქვენ ოჯახთან ერთად ვტირით გიგას. დღე არ გადის, რომ ლოცვით ან სიტყვით არ მოვიგონიოთ გიგა. საფლავზეც ვიყავით, დავიტირეთ, პატიება ვთხოვეთ. ალბათ, ამ ჩემს სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ ჯვარს და ამ ცოდვას მთელი ოჯახი ვატარებთ მთელი ცხოვრება. მე გავიზარდე იმ დროს, სადაც კაცები ხვდებოდნენ ერთმანეთს ჟურნალისტების და გარეშე და ლაპარაკობდნენ. გთხოვთ, იქნებ შემხვდეთ, დავილაპარაკოთ. არ არის ჩემი შვილი მკვლელი. არ შეიძლება, ერთი მუშტის დარტყმისთვის 10 წელი ციხეში იყოს. მე მოვკვდები, მე ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე. თვალწინ მეცლება, მართმევს სისტემა და ფაქტობრივად, მიკლავს. ზოგჯერ მგონია, თქვენ და ჩვენ სხვადასხვა საქმის მასალაც გვაძლევენ, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტები – არ მესმის. დარწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ დიდი ეჭვი ექიმების მიმართ. ნუ გასწირავთ ჩემს შვილს, მე მომთხოვეთ, მე მომკალით, ოღონდ ჩემი შვილი – არა. გთხოვთ, შემხვდით, დავილაპარაკოთ. ან თქვენ დამარწმუნებთ, რომ ჩემი შვილი მკვლელია, ან მე დაგარწმუნებთ, რომ მართლა ასე არ არის, როგორც ტელევიზიამ დახატა. მამა ხართ თქვენც და იცით, რა ტკივილზე ვლაპარაკობ. კი, ჩემი შვილი ცოცხალია, მაგრამ 10 წელი ციხეში ტანჯვაა, მართლა სიკვდილის ტოლფასია. ბავშვი მიკვდება თალწინ. შემხვდით, დავილაპარაკოთ. იქნებ შევძლო, დაგაეჭვოთ მაინც რამეში, დაგაფიქროთ…, – ნათქვამია წერილში.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლები ემუქრებიან. ეკა კუპატაძე ტვ პირველს ეუბნება, რომ მიზეზი მისი მოთხოვნაა – დაუმძიმონ ბრალდება დაჭერილ არასწრულოვნებს.
მისი თქმით, მის ძმას დაკავებული მოზარდის მამამ, ალექსანდრე გაბაშვილმა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ გიგას საფლავზეც იმყოფებოდა.




