ინფორმირებული პირები Wall Street Journal-ს უყვებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა სურს. წყაროების ცნობით, აშშ კუბის მთავრობაში ეძებს პირებს, რომლებიც რეჟიმის ცვლილების ამოცანას გაამარტივებენ.
წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაასკვნა, რომ კუბის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა და რომ ვენესუელას ყოფილი დიქტატორის, ნიკოლას მადუროს სახით მნიშვნელოვანი ფინანსური მფარველის დაკარგვის შემდეგ ხელისუფლება ასეთი მყიფე არასდროს ყოფილა.
მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემას უყვებიან, რომ აშშ-ს თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტური მთავრობის შესაცვლელად კონკრეტული გეგმა არ აქვს.
ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა განუცხადა, რომ მაიამისა და ვაშინგტონში კუბელ ემიგრანტებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრებზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოქმედი მთავრობის შიგნით ისეთი პირის გამოვლენა სცადეს, რომელიც რეჟიმის შეცვლის გარდაუვალ რეალობას დაინახავს და აშშ-ს გარიგების დადებას მოისურვებს.
ინფორმირებული პირების თქმით, აშშ-ს სადაზვერვო მონაცემებით კუბის ეკონომიკა, საბაზისო საქონელისა და მედიკამენტების ქრონიკული დეფიციტისა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვების ფონზე, ძალზედ მძიმე ვითარებაშია.
მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონი კუბის რეჟიმის დასუსტებას ვენესუელური ნავთობის მიწოდების შეწყვეტით გეგმავს, რაც აქამდე კუბას ელექტროენერგიას უზრუნველყოფდა. ეკონომისტების შეფასებით, კუბას შეიძლება ნავთობი რამდენიმე კვირაში გამოელიოს, რაც ეკონომიკას სრულ პარალიზებამდე მიიყვანს.
WSJ აღნიშნავს, რომ ვენესუელური მოდელის გამეორება კუბაში შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან კუბა ერთპარტიული სტალინისტური სახელმწიფოა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად არ არსებობს, მაშინ როცა ვენესუელაში ოპოზიციური მოძრაობა, წარსულში მომხდარი ხშირი პროტესტები და არჩევნები არსებობს.




