სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
რას მივაწეროთ ქ/ოცნების უეცარი გადემოკრატიულება, რომ „ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – დებატებით სარგებლობის უფლება” (ეს სიტყვები კობახიძის წერილიდანაა)?
ბოლო წლებია (განსაკუთრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ) ქ/ოცნება იზოლაციაშია დასავლურ სამყაროსთან. ხელისუფლებამ თითქოს იხტიბარი არ გაიტეხა და სიმძიმის ცენტრების მოძებნა სცადა აღმოსავლეთში, მაგრამ ამანაც კარგი არაფერი მოიტანა – პირიქით, უფრო მეტი მარგინალიზაცია „არაბული ქალაქის“ და სხვა დამაზიანებელი ინიციატივების გამო (მაგალითად, კობახიძის ვიზიტი ირანში, პრეზიდენტის გასვენებაში).
შესაძლოა, კობახიძის ეს მოულოდნელი განცხადება იმის ნიშანია, რომ ქ/ოცნებას უნდა დასავლეთთან იზოლაციის დაძლევა, რადგან ხვდება, როგორი მოწყვლადი ხდება ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა, განვითარების პერსპეტივა? შესაძლოა, დასავლეთთან დათბობა ამ ჟესტით იწყება?
მე პირადად კობახიძის „ფერიცვალება“ უფრო ფასადური შემობრუნება მგონია – დემოკრატიის ილუზიის შექმნა. ენტევეზეც ეწყობა „დებატები“, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ზემოდან დაშვებული ფარსია. ბოლოს და ბოლოს, ტელეიმედი და დებატები ერთმანეთთან შეუთავსებელია, ოქსიმორონია.
სამწუხაროდ, იქ სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიული ძალაუფლება და სამართლიანი არჩევნები, მხოლოდ მედიაში დაშვებული დებატებით დემოკრატია ვერ გადარჩება.




