საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
„საქართველოში თუ რამე აქცია ჩატარებულა და ექსცესი მომხდარა, სულ იყო ამ ფორმით, არასდროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ გასცდენია. პირველად, 20 ივნისს მოხდა, როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაჩნდა სისხლის სამართლის წესით. ამის შემდეგ, უკვე ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს, რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდა, ახლა უკვე 4-დან 6-წლამდე მუხლია. საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება”,- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




