15 მილიონი ლარის უძრავ-მოძრავი ქონება – მათ შორის, მდიდრული ავტომობილები, კერძო ვილა და ბინები პრესტიჟულ უბნებში, როგორც თბილისში, ისე მთის და ზღვის კურორტებზე. ასე, ფუფუნებაში ცხოვრობს კახი ბექაური და მისი მეუღლე, ეკატერინე ბერიძე. ეს სიმდიდრე კი ბოლო 10-12 წელში, თანამდებობებზე ყოფნისას მოაგროვეს.
კახი ბექაური 2017 წლიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა. მას, ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 16 000 ლარზე მეტს ვუხდით. ეკა ბერიძე კი 2013 წლიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების დირექტორია, საიდანაც 24 000 ლარი ერიცხება.
წყვილი მდიდრულ ცხოვრებას არ იკლებს – ამერიკასა და ევროპაში ხშირად მოგზაურობენ, ძვირადღირებული მაჯის საათებიც აქვთ, ცეცხლსასროლი იარაღებიც და თითო-თითო პორშეც ჰყავთ.
ჯამში, მათი სიმდიდრე ასე გამოიყურება: 7 ავტომანქანა, 21 ბინა, მაჯის საათები და ცეცხლსასროლი იარაღები.
მაგალითად, მათ საკუთრებაშია:
- კერძო სახლი ლისზე, ვილების უბანში. ეს ნაკვეთი ბექაურმა 2024 წელს, 330 000 დოლარად შეიძინა;
- იქვე, 5 წუთის გზაზეა ელიტური უბანი “მწვანე ქალაქი ლისზე”. აქ ორი ბინა აქვთ – 289 კვ.მ “ლისი გრინ თაუერსში”, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდათ;
- მეზობლად, ტირიფების ქუჩაზე კი 92 კვ.მ ბინა აქვთ, რომელიც 101 000 დოლარად იყიდეს;
- მორიგი პრესტიჟული უბანი “თბილისი გარდენსია”. ამ ცათამბჯენში ეკატერინე ბერიძეს სამი ბინა აქვს – სამივე 2023-2024 წლებში იყიდა, ნახევარ მილიონ დოლარად.
- ეკა ბერიძეს 130 კვ.მ ბინა აქვს ვაკის პარკთან, დომუსის თანამედროვე კომპლექსში. ესეც ახლახანს, 2022 წელს იყიდა და 245 000 დოლარი გადაიხადა.
- იქვე, “არქი თაუერის” და “აქსის თაუერის” ცათამბჯენებია. წყვილმა არც ამ სიმდიდრეზე თქვა უარი. “აქსისში” 5 ბინა იყიდეს, “არქიში” – ორი. შვიდივე 2022-2024 წლებში, ჯამში 1.2 მილიონ დოლარად;
- გარდა ამისა, უძრავი ქონება აქვთ მთაწმინდასა და სოლოლაკში. ორი ბინა ჭონქაძეზე და ერთი, თაბუკაშვილზე, ზუსტად ოპერის თეატრის უკან.


ქონება არც მთის და ზღვის კურორტებზე აკლიათ. ბექაურის სახელზეა ბინები და ავტოსადგომები ბაკურიანსა და დუშეთში. ხოლო მისი ცოლის სახელზეა ზღვისპირა აპარტამენტი “პორტა ბათუმის” ცათამბჯენში, ანბანის კოშკის ხედით.
ბექაურმა თანამდებობაზე ყოფნისას მიწის ნაკვეთებიც იყიდა. ის ახმეტასა და ყვარელში 24 ჰექტარს ფლობს.
კახა ბექაური “ქართული ოცნების” ერთგული მოსამსახურეა. მისი ხელმძღვანელობით, კომუნიკაციების კომისია, კრიტიკული მედიის სადამსჯელოიარაღად იქცა. ფაქტია, ეს სამსახური დაუფასდა, რაც ბექაურის 31- გვერდიან დეკლარაციასაც დაეტყო.
აქედან ვიგებთ, რომ წყვილს მაღალი კლასის ავტომობილები ჰყვარებია. მაგალითად, ერთი პორშე ცოლს ჰყავს, მეორე – ქმარს. გარდა ამისა, კიდევ 5 ავტომობილი ჰყავთ, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული, RANGE ROVER-ი. თუმცა, ყველაზე მეტად მათი დალხენილი ცხოვრება რიცხვებში ჩანს.
დანაზოგად აქვთ 6 მილიონი ლარი, 47 000 დოლარი, 50 000 ევრო, 25 000 გირვანქა სტერლინგი და 12 000 იაპონური იენი.
გარდა ამისა, ბექაურს ფასიანი ქაღალდებიც აქვს – ჯამში ნახევარ მილიონ ლარად შეძენილი. ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2024 წელს მილიონნახევარი ლარის ავეჯი შეუძენიათ. ცალკე მილიონნახევარი დაუჯდათ სარემონტო მასალები და რემონტი.
რაც შეეხება მოგზაურობას… ხშირად სტუმრობენ ამერიკის და ევროპის ქალაქებს. ისეთ ძვირადღირებულ ადგილებსაც კი, როგორიცაა – ნიცა, მონაკო და ჰოლივუდი. ოფიციალური ხელფასის გარდა, ოჯახის შემოსავლის წყარო, მათი ბიზნესია. მათ ხუთი კომპანია აქვთ – ოთხი საქართველოში და ერთი საფრანგეთში. მათ შორისაა, სუპერმარკეტების ქსელი “ორი ნაბიჯი”, საიდანაც ბექაურმა 2024 წელს 20 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ხოლო საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის საწესდებო კაპიტალში 2024 წელს 2 მილიონამდე ევრო შეიტანეს. ეს კომპანია უძრავი ქონების მართვითაა დაკავებული.




