“მე ვფიქრობ, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით პოზიციები გავიმყარეთ – საქართველომ და არა მარტო ქართულმა ოცნებამ. თავისთავად, ამ ქვეყანას ჩვენ წარმოვადგენდით და ბოლომდე ვფიქრობ, რომ გავიტანეთ და დავიცავით ის, რაც უნდა დაგვეცვა. რასაც ვისმენთ, ემოციურად ძალიან რთულია. ფაქტობრივად, ყველანაირი წესებზე დაფუძნებული დღის წესრიგი მოიშალა და შეიძლება ადამიანი ყურებს არ უჯერებდეს ისეთ რაღაცებს ვიგებთ, ისეთი მოთხოვნებია და ისეთი პროცესები მიმდინარეობს.
მძიმეა, როცა შენს ქვეყანას ისევ და ისევ აკრიტიკებენ. საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს და სადაც მივდივარ, მაინც ეს რაღაც სევდანარევი კითხვაა, რომ რა იქნება. მოდით, გვერდზე გადავდოთ ყველა ის კომენტარი, კრიტიკა, გერმანიის ელჩის გამოსვლები და ა.შ. და უბრალოდ მარტივ ფაქტებს შევხედოთ. ანუ, რა მოცემულობაში ვართ. რა დაგვაკლო იმ უაზრო კრიტიკამ და შანტაჟმა, რაც ჩვენდამი მოედინებოდა? – არაფერი. ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ვართ, როგორც არასდროს; ინფრასტრუქტურული პროექტები და ქვეყნის აღმშენებლობა ისეთი ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს, როგორც არასდროს; ყველა დარგობრივი მიმართულებით, სპორტიდან დაწყებული, კულტურით გაგრძელებული და ა.შ. განსაკუთრებული წარმატებები გვაქვს; გვაქვს მშვიდობა; სრულიად განრიდებულია ყველა ის რადიკალური ძალა, რომელიც საქართველოში არეულობას იწვევდა; ამ ქვეყანას აქვს კანონმდებლობა, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. დავამტკიცეთ, რომ ვერანაირი შანტაჟი და ზეწოლა ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს განუხრელ პოლიტიკას”, – თქვა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში.




