ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოვმა ე.წ. მთავრობის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
დე ფაქტო სააგენტო Рес იუწყება, რომ ე.წ. მთავრობის მეთაური კონსტანტინ ჯუსოევი თანამდებობიდან მისი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მის ფუნქციებს დროებით „ვიცე-პრემიერი“ ძამბოლატ ტადტაევი შეასრულებს, ვიდრე ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედ „მინისტრთა კაბინეტს“ მოვალეობების შესრულება ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაევალა.
პარალელურად, ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება მოსაზრება, რომ საკადრო ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსული ფინანსური დახმარების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კერძოდ, ტელეგრამ-არხი BONV[Ӕ]RNON წერს, რომ მოსკოვს კითხვები აქვს დაახლოებით 2,5 მილიარდი რუბლის ხარჯვასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობა შესაძლოა ჯუსოევს დაეკისროს.
ცნობისთვის, კონსტანტინ ჯუსოევი ე.წ. მთავრობას 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა და მანამდე სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა.




