რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მისი სახე შეწყალების პროცესში – დასკვნა არის ერთი: თუ ჩვენ რეჟიმი არ ჩამოვშალეთ, არაფერს სასიკეთოს ამ ქვეყნისთვის არ გააკეთებს , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიგა ლემონჯავას თქმით, შეწყალება არის ჰუმანური აქტი და ივანიშვილმა აქცია „სადიზმის აქტად“.
„ადამიანებს შეუქმნა მოლოდინი, რომ შეიწყალებდა პოლიტპატიმრებს და ეს ათქმევინა თავის პროპაგანდისტებს, მაგრამ მერე როგორ მოექცნენ ადამიანებს? ციხეებთან ღამე გაათენებინეს ყინვაში. ჯერ შექმნეს მოლოდინი, რომ იწყალებდნენ და შემდეგ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ვნახეთ. ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, როგორც ექცევა „ქართული ოცნება“ თავის მოქალაქეებს. ივანიშვილი ბოროტი ადამიანია, რომელიც არ გამოსწორდება. ჩვენი ამოცანა არც უნდა იყოს, რომ ივანიშვილის სიბოროტე სიკეთეში გარდავქმნათ, ჩვენი ამოცანაა, რომ ვაჩვენოთ ძალა, რომელიც გამოიხატება ბევრი ხალხით ქუჩაში,ბევრ საერთაშორისო სანქციასა და არაღიარებაში.
ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ გვხვდება მოლოდინები, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გაიღვიძებს ადამიანურობა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ,თუ ზუსტად არ დავსვამთ დიაგნოზს. ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ადამიანთან. ივანიშვილი ბოროტი ადამიანია, რომელიც ასე თამაშობს ადამიანების ბედისწერით.
გაკვეთილი, რომელიც აქედან საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს არის ის, რომ ივანიშვილის ნდობა არცერთ ნაბიჯზე არ შეიძლება, ივანიშვილში ვერ გაიღვიძებს ჰუმანური ადამიანი, რეჟიმის წარმომადგენლებს შორის აღარ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მოქალაქეზე და შეიძლება ხმა აიმაღლონ. ჩვენ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ვიღაცაში ადამიანობას გავაღვიძებთ, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვშალოთ რეჟიმი. ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში ჯერ კიდევ რჩება, მათთვის ადამიანობა აღარ არსებობს. თავისი ნებით დათმობას რეჟიმისგან არ უნდა ველოდოთ და ეს ვრცელდება არა მხოლოდ შეწყალებაზე, არამედ სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენაზე“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ .




