სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებას ეხმაურება:
„სამარცხვინო და არაადამიანური იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ! ჩვენი მშობლები მთელი დღის განმავლობაში ყინვაში და ქარბუქში დააყენეთ. იცით, რომ დედის გული შვილის მოლოდინში ვერ გაუძლებს, სულ მეათასედი პროცენტი რომ იყოს შანსი, ის მაინც მოვა ციხესთან და დამელოდება იმიტომ, რომ დედაა და სხვაგვარად არ ძალუძს. თქვენ ამას ხედავდით და სიტყვა არ გაიმეტეთ, რომ ჩვენი მშობლები სახლში მაინც წასულიყვნენ და ამ იმედის ნაპერწკალზე ჩამოკიდებულები გაყინეთ ეს ადამიანები. მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ!
თქვენ გგონიათ, რომ ეგ წამება არ არის? ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ უსუსურია ადამიანი ციხეში და ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ გგონიათ, რომ ეს წამება არ არის? ან კარგი, ჩვენ მტრები ვართ თქვენთვის და ბოლომდე გვიმეტებთ, მაგრამ არაპოლიტიკურ თემაზე დაჭერილმა კაცმა ან მისმა ოჯახმა რა დაგიშავათ? როდის შეგძულდათ ასე ადამიანი, ან რაზე ფიქრობთ საერთოდ? დღევანდელი კვერცხი ასე როგორ გირჩევნიათ ყველაფერს?! ყველაფერი ხომ წარმავალია, თქვენი თაობა წავა და ჩემი თაობა მოვა. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა და ამას ხომ ვერ შეცვლით? რაღაც საბაბი ხომ უნდა დაგვიტოვოთ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ თქვენდამი მოწყალეები მომავალში? რატომ გსურთ ასე ძალიან, რომ ჩემი თაობის მიზნად, ცხოვრების მიზნად, თქვენდამი შურისძიება, ანგარიშსწორება იქცეს? როდის შეგზიზღდათ ასე ძალიან საქართველო, ქართველი კაცი და ქართველი დედა?!“- წერს ზვიად ცეცხლაძე.
გუშინ, 19 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა გვიან საღამოს, 159 პატიმრის შეწყალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
სინდისის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები, ფაქტობრივად მთელი დღე-ღამის განმავლობაში იდგნენ ციხესთან სოლიდარობის ნიშნად, თუმცა დღეს, 20 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ყაველაშვილის სიაში არც ერთი სინდისის პატიმარი არ არის.




