სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
ქ/ოცნების მთავარი გზავნილი, განათლების რეფორმასთან მიმართებით, ასეთია: პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოში უმაღლესი განათლება გახდება უფასო.
მომხიბვლელად გამოიყურება, არა?
სინამდვილეში, ეს არის უპატიოსნო მანიპულაცია და მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. თავად განსაჯეთ:
1. სტუდენტები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებოდნენ როგორც სახელმწიფო გრანტის (100%, 70%, სოციალური გრანტები), ისე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფინანსების წყალობით. ახლა საკუთარი ჯიბიდან გადახდის შესაძლებლობა ისპობა – ქ/ოცნება სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს 100%-ით დაფინანსებას ჰპირდება. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, თუ დაფინანსება არ გაიზარდა? იგივე რაოდენობის სტუდენტი რომ შეინარჩუნოს თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში (წელიწადში დაახლოებით 22-25000), ქვეყანას დასჭირდება მინიმუმ 2.5-ჯერ მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე აქამდე იხარჯებოდა. ასეთი ზრდა ბიუჯეტში არ ფიქსირდება.
2. ერთ ქალაქში რომელიმე სასწავლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლება (ანუ, თუ, მაგალითად, თბილისში სამართალს სწავლობდნენ 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა მხოლოდ ერთში ისწავლიან). ეს ნიშნავს, რომ სტუდენტთა კონტინგენტიც შემცირდება, რადგან შეუძლებელი თბილისში მხოლოდ ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა უზრუნველყოს ყველა მსურველის მიღება.
რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან?
ამ რეფორმით მნიშვნელოვნად შეიზღუდება უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, უფასო განათლება სტუდენტთა მხოლოდ შემცირებულ ნაწილს მიეწოდება!
პრინციპში, ამას არც ხელისუფლება მალავს. გია ვოლსკიმ პირდაპირ თქვა, რა საჭიროა ამდენი უმაღლესდამთავრებული, როდესაც ქვეყანას, მაგალითად, “ბოთლის მბერავები” სჭირდებაო. ამით ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ ქვეყნისთვის ზედმეტია განათლებული და წარმატებული ახალი თაობა, დაკვეთა იაფ მუშახელზეა, კარიერული ამბიციების გარეშე.




