დროა: გამოსავალი ეკონომიკის გაძლიერებაა – ბანკებზე თავდასხმა პოპულისტური ხაზია

23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მიმდებარე ბინიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა. ტაბულა პარტია დროას წევრს, გიგა ლემონჯავას ესაუბრა. მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება პრობლემის მოგვარების ნაცვლად, სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, გამოსავალი კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა.
“მე ვფიქრობ, რომ მათ შორის იმ რეგულაციების შედეგიც არის ეს, რომელიც სახელმწიფომ შემოიღო ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ეროვნული ბანკის რეგულაციები საბანკო დაკრედიტებასთან დაკავშირებით და ასევე, კერძო იპოთეკის შეთანხმებებში სახელმწიფოს ჩარევა, რომელიც სხვა ტიპის ხელშეკრულებების დადებას იწვევს მერე, ანუ გვერდის ავლას, რომელიც გაცილებით უფრო პრობლემურია.
საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რეგულაციებით შეიძლება ამ საკითხის მოგვარება და ცოტა ამორალურად მიმაჩნია, რომ ასეთ უბედურებებს, ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკოსები იყენებენ პოპულისტური მიზნებით”. – თქვა ლემონჯავამ.
დროას წევრის თქმით, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ძლიერი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც მმართველ პარტიას არ აქვს.
“ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ყოველდღიურ გადარჩენის რეჟიმში ცხოვრება, რაღაც ველურ გარემოში. ამის აღმოფხვრის ერთადერთი შანსი არის ეკონომიკის გაძლიერება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ქართულ ოცნებას არ აქვს.
ამ ვითარებიდან გამოსავალი, სინამდვილეში, არის ისეთი ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებსაც აქვთ მკაფიო ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა იმიტომ, რომ სანამ ადამიანები არ გამდიდრდებიან, ამ ქვეყანაში ეს პრობლემა ყოველთვის იქნება”. – თქვა ლემონჯავამ ტაბულასთან საუბრისას.
დროას წევრმა ასევე დაგმო “პოპულისტური და დამაზიანებელი ხაზი”, რომელიც ბანკებზე თავდასხმას გულისხმობს. ლემონჯავამ თქვა, რომ საპროცენტო განაკვეთი სესხზე დაბალი მხოლოდ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია, როგორიც საქართველო ჯერ არ არის.
“კიდევ ერთი ხაზი, რომელიც არის პოპულისტური და ძალიან დამაზიანებელი ხაზი არის ბანკებზე თავდასხმა და იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიწიოს, სახელმწიფოს ჩარევის მოთხოვნა. რაც არის ასევე სისულელე, რადგან საპროცენტო განაკვეთი სესხზე დაბალი არის იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არის განვითარებული, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ დანაზოგი და შესაბამისად, საბანკო პროდუქტები არის უფრო იაფი. სანამ ეკონომიკა არ განვითარდება, საბანკო პროცენტების, სასესხო პროცენტების დაწევაც არის შეუძლებელი და ყველა, ვინც ამბობს, რომ ეგ შესაძლებელია – იტყუება. კომპლექსურია ეს საკითხი და ეკონომიკის განვითარებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული”. – ამბობს ლემონჯავა.
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამ სტატიაში მათი პოზიციებია თავმოყრილი.