„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი ახალ მარშუტზე მუშაობს სამხრეთ კავკასიაში, რატომ აღარ ხედავს აშშ საქართველოს?
თინა ხიდაშელის აზრით, სამხრეთ კავკასიაში, ირანსა, თუ ევროპაში „ისევ ყველა იყურება ვაშინგტონისკენ“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ადრე თუ გვიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
„…ახლა ალბათ კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ირანის მოვლენებს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდება: ირანი ვენესუელაც კი არ არის, ის გაცილებით უფრო დიდია და მნიშვნელოვანი. ირანის რეჟიმის დამარცხებას უზარმაზარი გავრცელების ეფექტი ექნება… ირანში რეჟიმის ცვლილება იქნება ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი შეიძლება სამყაროს დაემართოს.
ეს კარგად იცის კობახიძემ, ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს [ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია]. თუ ირანში ცვლილება მოხდა, საქართველოში ვინმეს განსხვავებული აზრი რომ არ გაუჩნდეს და მათთვის კატასტროფა არ მოხდეს, მათ უნდა ჰქონდეთ სრული მზადყოფნა ამ მომენტისთვის,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია.
- ქალბატონო თინა, რა პერსპექტივა აქვს, თქვენი აზრით, ირანში გააქტიურებულ საპროტესტო მოძრაობას, ირანის დიქტატორის ხელში არსებული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით? ანალიტიკოსების მოსაზრებით, ვენესუელის მსგავსი სპეცოპერაციის მოწყობა აშშ-ს გაუჭირდება ირანში.
სამხედრო შესაძლებლობებზე მეტად საქმე სისასტიკის ხარისხშია. რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ირანში დემოკრატიული მოძრაობისთვის, არის ის, რომ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბის შემაკავებელი არ არსებობს. ასეთი მოძალადე ძალიან რთულად წარმოსადგენია დღევანდელ სამყაროში, თუნდაც მადუროსთან ან ნებისმიერ სხვა დიქტატორთან შედარებით.
გარე ჩარევის გარეშე, შეუძლებელი იქნება რეალური ცვლილება – რეჟიმი სისხლში ჩაახშობს მთელ მოძრაობას, მიუხედავად მისი ზომისა და სიმძლავრისა.
ირანის მმართველობის სტილი და ფორმა პრინციპულად განსხვავებულია სხვა სახელმწიფოებისგან, სადაც დიქტატორები არიან – ირანს სასულიერო ლიდერი მართავს. კი ბატონო, არჩევნები გაყალბდა ვენესუელაში და მადურო არ წარმოადგენდა ვენესუელელი ხალხის ნებას, მაგრამ ის არჩევით დემოკრატიას მაინც თამაშობდა. ირანი კი, აბსოლუტურად განსხვავებული რეჟიმია.
ამ არსიდან გამომდინარე, უცებ, ერთი აქტით ცვლილება რთული იქნება. ექსპერტებს შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ძალებს შორის საუბარია მონარქიაზე და არა, ვთქვათ, არჩევნებით ცვლილებაზე: ელაპარაკებიან შაჰის მემკვიდრეს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს თავისებურება გასათვალისწინებელია. სრულფასოვანი რესპუბლიკის ჩამოყალიბება ირანში არ იქნება უცებ – სწრაფი და ერთჯერადი ქმედებით გამოწვეული შედეგი, მაგრამ საბოლოო ამოცანა ეს უნდა იყოს.




