დემოგრაფიული თავსატეხი: რატომ ვერ გადაჭრის აბორტის შეზღუდვა შობადობის კრიზისს?

როდესაც ქვეყნები დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგებიან, პოლიტიკურ დღის წესრიგში ხშირად ჩნდება ერთი და იგივე კითხვა: ხომ არ არის აბორტზე ხელმისაწვდომობა ის, რაც მოსახლეობის ზრდას აფერხებს? ერთი შეხედვით, ლოგიკა მარტივია – ნაკლები აბორტი ნიშნავს მეტ ბავშვს. თუმცა მეცნიერული მტკიცებულებები და ისტორიული გაკვეთილები საპირისპიროზე მეტყველებენ: აბორტზე წვდომის შეზღუდვა არაეფექტიანი ინსტრუმენტია დემოგრაფიული მართვისთვის და, ამავდროულად, სახიფათოა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

დემოგრაფიული მიზნით რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებულ მაგალითად ჩაუშესკუს პერიოდის რუმინეთი მიიჩნევა. 1966 წლის დეკრეტმა მართლაც გამოიწვია შობადობის მოკლევადიანი მატება, თუმცა შემდგომ წლებში ქვეყანას არაუსაფრთხო აბორტებთან დაკავშირებული დედათა სიკვდილიანობის ზრდისა და ბავშვთა ინსტიტუციურ მზრუნველობაში გადაყვანის მასშტაბური პრობლემა დაუდგა. ეს მაგალითი გვახსენებს, რომ რეპროდუქციული უფლებების ხელყოფით მიღწეული ნებისმიერი დემოგრაფიული „მოგება“ დროებითია და ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ხდება.

მეტიც, საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ აბორტის მაჩვენებლები ხშირად არ არის დაბალი იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცედურა კანონით იკრძალება ან მკაცრად იზღუდება. შეზღუდვები ამცირებს არა აბორტების რაოდენობას, არამედ უსაფრთხო მომსახურებაზე ქალების ხელმისაწვდომობას, რის შედეგადაც იზრდება არაუსაფრთხო აბორტების რისკი.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ აბორტის პოლიტიკის ლიბერალიზაცია შობადობის კოეფიციენტს ამცირებს, არც ემპირიულად დასტურდება. გლობალური ანალიზი, რომელიც 185 ქვეყნის მონაცემებს 1970 წლიდან 2019 წლამდე სწავლობდა [1], აჩვენებს, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი დაკავშირებულ აბორტის თაობაზე გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და შობადობის დინამიკას შორის.

შობადობის კლებას ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გაცილებით ღრმა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები აქვს და ეს არა აბორტის კანონიერებით, არამედ ფუნდამენტური სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ძვრებით აიხსნება. მთავარ ფაქტორებს შორისაა:

  • ეკონომიკური ბარიერები: შრომითი ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, გენდერული სახელფასო სხვაობა და ოჯახის მხარდაჭერის შეზღუდული პოლიტიკა ადამიანებს აიძულებს, უარი თქვან შვილის ყოლაზე ან მცირე ოჯახით შემოიფარგლონ.
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების განვითარება: თანამედროვე კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ადამიანების შესაძლებლობა, თავად დაგეგმონ შვილების რაოდენობა და დაბადების დრო.
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: განათლების დონის ამაღლება და შრომის ბაზარზე ქალთა აქტიური მონაწილეობა ბუნებრივად იწვევს პირველი შვილის გაჩენის გადავადებას.
  • კულტურული ტრანსფორმაცია: საზოგადოებების ჩამოყალიბება უფრო ინდივიდუალისტურ მოდელებად, სადაც პიროვნული თვითრეალიზაცია და არჩევანის თავისუფლება პრიორიტეტულია.

ვრცლად