“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით” – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
- ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად ესწრება.
მისი თქმით, თუ სასამართლოს სასახლის ღობე აინტერესებს, რომელიც აქციის მონაწილეებს “წინასწარ გადაჭრილი დახვდათ”, მაშინ გამოკითხვაზე ირაკლი კობახიძე უნდა დაიბარონ, რომელმაც თქვა, “მათ იქ ჩვენ სიურპრიზი დავახვედრეთო”.
ძალიან მესიამოვნა, რომ მე მისმენთ და მელაპარაკებით…. გადაწყვიტოთ, ვარ თუ არა დამნაშავე.
მოდი, გავერკვეთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა ღობე. ეს დაკავება მხოლოდ ერთ ფაქტს ემსახურება, სახალხო კრების, როგორც წარმატებულის გადაფარვას და მის ძალადობად შეფასებას.
4 ოქტომბერი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ამით ვამაყობ და ამის გამო მასამართლებთ? სამ პუნქტში მდებთ ბრალს, დამხობა, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. ძალადობისკენ მოწოდება – მანახეთ ერთი ვიდეო, სადაც ძალადობისკენ მოვუწოდებ, თუ ვერ მანახებთ, ეს მუხლი მოხსნილია. მეორე დამხობაა, სულ ვამბობდი მშვიდობიან დამხობას, დამხობაა რაც ირანში ხდება, მშვიდობიანი დამხობაა, რაც რუსთაველზე მოხდა. 4 ოქტომბერს არჩევნები კი არა მათი გადარჩევა და დამხობა მოხდა. თუ დამეთანხმებით, რომ მართალს ვამბობ, ეს მუხლიც მოხსნილია. რაც შეეხება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას, 100 000 ადამიანს ამ შენობის აღება რომ ნდომებოდა, ვერ ავიღებდით? ეს მუხლიც მოიხსნა. ყურადღება ღობეზე გადააქვთ, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა, 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, სინდისის და ეს პატიმრები დასაკავებელი კი არა, ხელის გულზეა სატარებელი. თუ მაინც და მაინც ღობე გაინტერესებთ, პრემიერ-მინისტრი დაიბარეთ, რომელმაც თქვა, “მათ იქ ჩვენ სიურპრიზი დავახვედრეთო”.
ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ისტორიული სახალხო კრების დამფუძნებელი ვარ, მე ვარ და დაანებეთ ამათ თავი.
როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან,” – განაცხადა ბურჭულაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




