14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაც და რუსეთის თანახმა არიან არ დაარტყან ერთმანეთის ენერგოობიექტებს:”უკრაინა თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგოობიექტებს. მსგავსად [უკრაინისა – რთ] – რუსეთიც თანახმაა!დიზელზე მსოფლიო ფასების ზრდა დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული, არა – ირანის”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.დონალდ ტრამპის ამ განცხადებას საათზე ნაკლებ დროში მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის პოსტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ასახელებს პირობებს – რომელთა უზრუნველყოფის შემთხვევაშიც, უკრაინა შეწყვეტს რუსეთში ენერგოობიექტებზე დარტყმებს:”უკრაინის წინადადებაა, რომ მისმა პარტნიორებმა უზრუნველყონ შეთანხმება რუსეთთან, რომლითაც შეწყდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. დაცული უნდა იყოს სურსათი, ენერგეტიკა და საბაზისო უზრუნველყოფის სხვა ელემენტები. რუსეთის დარტყმები უპირატესად სწორედ მათზე ხორციელდება”.უკრაინის პრეზიდენტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ყოველდღიური სამიზნეებია უკრაინის ენერგოობიექტები, საპორტო ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა და სურსათისა და წამლის საწყობები. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთს რომელიმე შეთანხმების დაცვის სურვილი გააჩნია.
“თუკი ჩვენი პარნტიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური სურვილი – აღარ დაარტყას ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და სურსათის მიწოდების მარშრუტებს, მაშინ, რასაკვირველია, მზად ვართ საპასუხოდ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება. ისე რომ, ეს სანდო, გრძელვადიანი იყოს და ჰქონდეს რეალური ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე; და ისე არ მოხდეს, რომ ეს ჩაიშალოს მას შემდეგ, რაც რუსები ჩაატარებენ თავიანთ “არჩევნებს” და სწორედ დროის იმ მონაკვეთისთვის შეიმსუბუქონ ბენზინსა და დიზელზე ზეწოლა”, – აზუსტებს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების პირობებს.”საჭიროა ომის დასრულება. და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დეესკალაციის ნაბიჯი შესაძლოა იყოს მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.ველოდებით კონკრეტიკას პარტნიორებისგან”, – ასე ასრულებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალური ქსელებით გავრცელებულ თავის წერილობით განცხადებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებისკენ მოწოდებას ეხება.
13 სექტემბერს დონალდ ტრამპმა, რომელიც ირლანდიაში გოლფის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს “რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების მოშლა. ის იწვევს დიზელის დეფიციტს”.აშშ-ის პრეზიდენტმა კვირას გაკეთებულ განცხადებაშიც გაუსვა ხაზი იმას, რომ დიზელზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. პრეზიდენტმა ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკვე ნალაპარაკები ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან.რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმებით – “შორი მანძილის სანქციებით”, როგორც ამას უკრაინის ხელისუფლება უწოდებს – კიევმა საწვავით უზრუნველყოფის სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ფედერაციას.