ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სკოლისგან მიღებული წერილის შინაარს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, წერია, რომ იგორ კეკელიას “არ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი”.
თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კომისიის განმარტებით, იგორ კეკელიას ადვოკატის ყოლის უფლება არ აქვს, ვინაიდან “კომისიის ფორმატი და საჩივრის განხილვის წესები არ ითვალისწინებს განხილვაში ადვოკატის მონაწილეობას”.
უფლებადამცველის თქმით, სკოლის მხრიდან გამოგზავნილი პასუხები კიდევ ერთხელ ადასტურებს პედაგოგის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს.
“თქვენ არ გაქვთ უფლება გყავდეთ ადვოკატი!” – ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან.
სკოლის მხრიდან გამოგზავნილი პასუხები კიდევ ერთხელ ადასტურებს პედაგოგის (იგორ კეკელია) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს.
სკოლა გვწერს, რომ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმას.
კომისია განმარტავს, რომ პედაგოგს (იგორ კეკელიას) არ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი, ვინაიდან კომისიის ფორმატი და საჩივრის განხილვის წესები არ ითვალისწინებს განხილვაში ადვოკატის მონაწილეობას.
ამავე წერილში გვატყობინებენ, რომ სხდომის აუდიო და ვიდეოჩაწერა არ არის გათვალისწინებული, თუმცა „გამონაკლისის წესით“ ჩაწერა განხორციელდება მხოლოდ ჩვენი მხარის — ხმისა და გამოსახულების — ფიქსირებით; მოწინააღმდეგე მხარისა და კომისიის წევრების ხმა და გამოსახულება, მათი განცხადებით, ვერ ჩაიწერება.
რა აქვს დასამალი სკოლას?
როდემდე უნდა დაემატოს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილება?
გარდა ამისა, დღემდე ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც საჩივარს განიხილავენ — ანუ კომისიის წევრთა ვინაობა.
- შესაძლოა ვინმე დაინტერესებულია საქმით?
- შესაძლოა ვინმე მომჩივნის ახლობელია?
- შესაძლოა რომელიმე წევრის მიმართ აცილების საფუძველი არსებობდეს?
არა, საბჭოს წევრთა ვინაობა საიდუმლოაო, ასეთი ჩანს პასუხი,” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს – სკოლამ კი 54 წლის კაცი, მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლა.
მომხდარზე გამოძიება ფოთის რაიონულმა პროკურატურამ 1 თვის წინ დაიწყო. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული პედაგოგი, თუმცა საქმეში ამ დრომდე არც დაზარალებულად ცნო და არც დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტი – ვიდეოკადრები ჩადო.




