ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ცუდს, უარესსა და საშინელებას შორის არჩევანის წინაშე ვართ დღესაც.
ცუდი ისაა, რომ ამდენი მსხვერპლის მერე, ტრამპის წინადადებაა, თუ იმ ახალგაზრდა ბიჭს ჩამოახრჩობენ იმოქმედებს მკაცრად.
ისიც ცუდია, ტრამპი რომ მუქარას რამდენიმე დღეა იმეორებს – წინაზე თქვა, რომ თუ ირანის რეჟიმი არ შეწყვეტდა ხალხის დახოცვას, მკაცრად იმოქმედებდა – რეჟიმი აგრძელებს ქუჩებში ხალხის დახვრეტას და ჯერ არაფერი.
ისიც ცუდია, ამერიკა რომ უმეტესად ბოლო წამს იწყებს ნაბიჯის გადადგმას – უკრაინის შეიარაღება რომ თავის დროზე დაიწყო, ვინ იცის, პუტინი გაბედავდა? აკი, პოლონეთზე თავდასხმა ვერ გაბედა. ვერც ფინეთზე. ვერც შვედეთზე.
მართალია ამერიკას მუდამ იმას დასძახიან, რომ ომი უნდა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე იძახა, რომ დავეხმარო შეიარაღებაში, რუსეთი თავს დაესხმებაო.
ახლა ამერიკული მედია წერს, ამერიკა პირველივე დღეებში რომ დახმარებოდა, ირანელ ხალხს ამერიკის აგენტებად მონათლავდნენო.
პირიქითაა ეგ, არ მუშაობს ეგ წესები ტერორისტთან, არც ერთი წესი არ მუშაობს ძალის გარდა.
უარესი ისაა, დანარჩენი მსოფლიო რომ საქმეზე კრინტს არ ძრავს და მხოლოდ შფოთავს.
არა, ეს მე ვშფოთავ, მე, ჩემი საწყალი ქვეყნის ერთი რიგითი წევრი – შენ ძლიერი გინდა იყო, შენ საერთაშორისო სამართლის მცველი გინდა იყო, შენ გინდა ადამიანის სიცოცხლის უფლებისთვის მებრძოლი გერქვას და უნდა იმოქმედო!
და საშინელებაა, რასაც ირანის რეჟიმი აკეთებს.
კიდევ მაქვს ჩემი პირადი საშინელება – ჩემთვის, ამ ქვეყნის შვილისთვის, ოცნების წევრის განცხადება, გუნდის სახელით და მრავლობითში, დამშვიდებას ვუსურვებ ირანელ ხალხო – არის ჩემი პირადი საშინელება, ჩემი პირადი ტრაგედია.
შვილებს, დედებს, ძმებს და დებს, მამებს უხოცავენ და დამშვიდნენ? არც სამართლიანობა აღადგინონ?
ჩვენც ასე მოვიქცეთ? ნაცემები. დაწამლულები, დაპატიმრებულები, უკანონო კანონით დასჯილები?
დავმშვიდდეთ და როგორც ვოლსკიმ გვირჩია ბოთლები ვბეროთ?
ამიტომ, ცხადია, ცუდს ვირჩევ.
ცუდს ვირჩევ და თავი მეზიზღება, იმიტომ რომ მეც თქვენსავით ველი, დასჯიან სიკვდილით, თუ არა.
იმიტომ რომ მე მტანჯავს ფიქრი იმაზე, ვინ კლავს ახლა იმ ბიჭს, ირანის რეჟიმი, თუ ჩვენ, – მსოფლიოს ხალხები,
რომლებიც ველოდებით…
ვიცი, რომ ტერორისტი კლავს და მხოლოდ ისაა მკვლელი, მაგრამ ამის ცოდნა არ მიმსუბუქებს დანაშაულის შეგრძნებას, დილით მორიგ საშინელებაში გაღვიძების და საღამოს მაინც დაძინების გამო, სინდისის ქეჯნის შეგრძნებას…




