„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი და დაგეგმილი ცვლილებები ხელისუფლებას აძლევს ძალიან ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნებისმიერი ტიპის უცხოური დაფინანსება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიხედვით მართოს.
სიმონიშვილმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა იმ ბუნდოვანებაზე, რომელიც კანონმდებლობაში გაჩნდა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სამოქალაქო სექტორის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ცდილობს.
ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, კანონში გრანტის დეფინიციის გაფართოება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. მისი თქმით, ჩარჩო იმგვარადაა მოწყობილი, რომ საფრთხე მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არალოიალურ პირებს ექმნებათ.
„რაც შეეხება წინა ცვლილების ძალიან მოკლე შინაარსს, რომლითაც გრანტის შინაარსი და დეფინიცია მკვეთრად გაფართოვდა, არსი ფაქტობრივად, ასეთი იყო, თუ იღებ უცხოეთიდან ნებისმიერ თანხას და მე [ხელისუფალი] ჩავთვლი, რომ ის გამოიყენე პოლიტიკური საქმიანობისთვის, მაშინ ეს ჩაითვლება გრანტად. ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე მოკლე შეჯამება. ანუ, ამ ცვლილებებმა მთავრობას ძალიან ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მისცა ნებისმიერი თანხა შეიძლება მიიჩნიოს გრანტად, მისი შინაარსის მიხედვით.
რა თქმა უნდა, თუ ეს თანხა მიღებულია ისეთ ფარგლებში, რომელიც არ ეხება „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად სენსიტიურ თემებს, დიდი ალბათობით გრანტად არ ჩაითვლება. უფრო სწორად, არ ჩათვლიან. ან, თუ თანხა მიიღო მათთვის სასურველმა პირმა, ასეთ შემთხვევაშიც არ მიიჩნევენ გრანტად. თუმცა, თუ თანხა მიიღო პირმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური არ არის, დიდი ალბათობით სწორედ გრანტად ჩაითვლება. ანუ, სწორედ ამ ფართო დისკრეციისთვის შეიქმნა ასეთი ჩარჩო“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
იურისტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ნებისმიერი თანხა მოაქცია ამ კონტროლის ქვეშ, რამაც დააზიანა ის სფეროებიც, რომლებსაც, ხელისუფლების მტკიცებით, კანონი არ ეხებოდა.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან მარტივი მიზანი ჰქონდა, სამოქალაქო სივრცის, განსაკუთრებით თავისუფალი სამოქალაქო სივრცის კონტროლი. ფაქტობრივად თქვეს, რასაც გვინდა, იმას ჩავთვლით გრანტად. ეს მიდგომა იმდენად ფართო აღმოჩნდა, რომ უხეშად რომ ვთქვათ, ქვემეხით ბუზის მოკვლა სცადეს. შეიძლება ბუზი მოკლეს, მაგრამ თან ბევრი სხვა რამეც დაზიანდა. როდესაც ამაზე რეაქცია და უკუკავშირი მიიღეს, დაინახეს, რომ ამ ჩარჩოში მოექცა კომერციული საქმიანობაც, განსაკუთრებით ის, რომელიც უცხოურ დაფინანსებასთან იყო დაკავშირებული“, – აღნიშნა მან.




