„თუ საკუთარი თავის გუშინდელი სახე არ გეუცხოვება, ე.ი. ცხოვრებას უკვე ჩამორჩი“, – ამბობს ბიზნესმენი არმაზ თავაძე და ქართულ ბიზნესში არსებულ „ახალ ეპოქაზე“, გამოწვევებზე, თავის წარმატებულ პროექტებსა და პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ბიზნესმენ არმაზ თავაძესთან.
– ბატონო არმაზ, როგორ შეაფასებთ 2025 წელს?
– ეს იყო ძველი წესების რღვევის წელი მთელს მსოფლიოში და ახალი ტურბულენტური ეპოქის დასაწყისი, რომელიც არავინ იცის როდემდე გაგრძელდება. ბიზნესში დასრულდა ის ეპოქა, როცა წარსულის ინერციით მოძრაობა და მართვა შეიძლებოდა.
– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ცვლილებებზე საუბრობთ?
– ბიზნეს სამყაროში დაინგრა პროგნოზირებადობის ილუზია. დაინგრა იდეა, რომ გამოცდილება ავტომატურად გაძლევს უსაფრთხოებას. დღეს გამოცდილება თუ მუდმივად არ განახლდა, ტვირთად გექცევა. თუ საკუთარი თავის გუშინდელი სახე არ გეუცხოვება, ე.ი. უკვე ჩამორჩი ცხოვრებას.
– გასაგებია, მაშინ რას ნიშნავს „ახალი ეპოქა“ ბიზნესში?
– ეს ნიშნავს, რომ წესები აღარ იწერება სახელმძღვანელოებში. ისინი იქმნება რეალურ დროში. ვინც ელოდება სტაბილურობას, უკვე აგვიანებს.
– რატომ გგონიათ, რომ აღარ იმუშავებს ძველებური მართვის წესები?
– იმიტომ რომ, სამყარო ასეთი დინამიური არასოდეს ყოფილა. ისტორიაში ვეღარ იპოვით ისეთ ეპოქას, როდესაც ერთი თაობის ადამიანის ცხოვრებაში ამდენი რევოლუციური ცვლილება შეიძლებოდა მომხდარიყო. პირადად მახსოვს შავ-თეთრი ტელევიზორების ეპოქა და დღეს უკვე მარსის კოლონიზაციაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი, რაც ნელი, ბიუროკრატიული, იერარქიული და წარუმატებლობის შიშზე დაფუძნებულია, ყველაფერი გაქრება. დღეს თუ გგონიათ, რომ ხვალ გექნებათ დრო „დასაფიქრებლად“, უკვე წარსულში ხართ.
– ვინ გახდება ამ ეპოქის გამარჯვებული?
– რისკიანი და თამამი ადამიანი. რისკის გარეშე ნებისმიერი ცოდნა წარუმატებლობას მოგიტანთ. რისკი უკვე ნიშნავს, რომ საკუთარ კომფორტის ზონას არღვევ და გაურკვევლობაში დგამ ნაბიჯს.
– ერთი წინადადებით, როგორ აღწერთ – რა ხდება ბიზნესში ახლა?
– ძველი წესები დასრულდა. ახალი თამაშის წესები ჯერ არ ჩანს.
– აქედან გამომდინარე, რა არის ქართული ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?
– საქართველოში ბევრი „ფულიანი“ ადამიანია და ძალიან ცოტა – ბიზნესმენი. ეს ბიზნესის სერიოზული გამოწვევაა. არ შეიძლება, ქვეყანაში ბიზნესმენზე უფრო მდიდარი საჯარო მოხელეები არსებობდნენ. ფული და კეთილდღეობა, მხოლოდ ბიზნესთან ან პროფესიულ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.




