ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ის, რაც ახლა ხდება, არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ – მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა“.
მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უცხოელ დიპლომატებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა „ტერორისტული ომია“ და სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და ბიზნეს კომპანიებს „ტერორისტული ელემენტები“ დაესხნენ თავს.
„ის, რაც ახლა ხდება, არ არის საპროტესტო აქციები, ეს არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლებას აქვს ტერორისტული ელემენტებისთვის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების აუდიოჩანაწერები, სადაც მათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანებას აძლევენ“, – აღნიშნა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ -ის პრეზიდენტ ს გაფრთხილებამ „მოტივაცია მისცა ტერორისტებს, თავს დასხმოდნენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს უცხოური ძალის ჩარევის გამოწვევის მიზნით“.
„ჩვენ მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის“, – აღნიშნა არაღჩიმ.
მისი მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი და სისხლიანი სახე მიიღო, „რათა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარევის საბაბი მისცენ“.
„სწორედ ამიტომ გადაიქცა დემონსტრაციები ძალადობრივად და სისხლიანად, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჩარევის საბაბი მიეცეს“, – აღნიშნა არაღჩიმ.
ამასთან, BBC-ი წერს, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ირანული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ სიტუაცია დედაქალაქში წუხანდლის შემდეგ მშვიდია.
გამოცემის ინფორმაციით, ძალიან რთულია ირანში მიმდინარე მოვლენების ზუსტი სურათის მიღება, თუმცა BBC-მ მიიღო ინფორმაცია ირანში არსებული წყაროებიდან, რომლებმაც ინტერნეტთან მომენტალურად დაკავშირება ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ Starlink-ისა და სხვა მეთოდების გამოყენებით შეძლეს.
BBC-ის სამმა წყარომ განაცხადა, რომ გასულ კვირას საპროტესტო აქციების დარბევა ინტენსიური იყო.
ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, რომელიც ხალხს მოუწოდებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მთავრობის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ.
სააგენტო NetBlocks-ის ცნობით კი, რომელიც ინტერნეტ კავშირის დაკვირვებას ახდენს, ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვა სამ დღეზე მეტია გრძელდება.