ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე. გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.
გამოცემის ცნობით, ჯონ ჰილიმ, რომლის მატარებელსაც საგანგებო გაჩერება მოუწია, განაცხადა, რომ უკრაინელებს, წინააღმდეგობის გასაწევად, უახლეს იარაღს მიაწვდიან.
„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება იმისა, თუ როგორ ესხმის უკრაინელებს დრონები და რაკეტები თავს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინელებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, უახლესი იარაღი მივცეთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.




