უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიტანილი ბოლო იერიშები წარმოადგენს “მიზანმიმართულ, ცინიკურ რუსულ ტერორს”. უკრაინა ყოველდღიურად ხდება დარტყმების სამიზნე, მძიმედ ზიანდება მისი ენერგეტიკის სისტემა – რის შედეგადაც ასი ათასობით ადამიანი ზამთრის ყინვაში გათბობის გარეშე რჩება.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ გასულ კვირაში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისას გამოიყენა 1100-მდე დრონი, 890-ზე მეტი მართული ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტა.
“ვითარება ბევრ რეგიონში რთული რჩება, ჩვენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შემდეგ” – თქვა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა სამიზნეებზე, რომლებსაც არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ აქვთ – ენერგეტიკის ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებზე.
“ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი ხალხის წინააღმდეგ” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, კიევში და კიევის რეგიონში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი რჩება ელექტროენერგიის გარეშე.
რუსეთი უარყოფს უკრაინაში სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღებას – მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, რომლებიც საპირისპირო სურათს აჩვენებს მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში 2022 წელს სრული მასშტაბით შეიჭრა.
ფორუმი




