დღეს ომის ვეტერანის, მაია კაკიაშვილის ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი | ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან. დღეს კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი.
ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ რჩება.
“გამიშვებენ, არ მაქვს არსად წასასვლელი, გადამიდებენ, ყველაზე დიდი გადამიდონ 3 თვით და იგივე უნდა განმეორდეს, აქედან გამომდინარე, აზრს ვერ ვხედავ. თუ მოლაპარაკებაში არ მეხმარები, თუ არ მეხმარები იმაში, რომ შენ წამოიყვანო გამსესხებელი, რომ მარტო თავისი პირობებით არ იყოს და ჩემი არ გაითვალისწინო, შედეგი ერთი და იგივე იქნება, აზრი არ აქვს, გინდ გადაავადონ, გინდ გამომასახლონ, შედეგი ჩემთვის ერთი და იგივე იქნება”, – ამბობს მაია კაკიაშვილი.
გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ხატიაშვილების ოჯახის სახლიდან გამოსახლებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც. ორი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.