28 დეკემბერს, ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახურავები თელავში ჯერ ისევ არ არის აღდგენილი. სტიქიამ თელავში სახურავის გარეშე 11 საცხოვრებელი კორპუსი დატოვა. ბინებში წყალი ჩადის, ზიანდება ჭერი, იატაკი და კედლები, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
მოსახლეობამ დროებითი გადახურვისთვის ტენტიც შეიძინა, თუმცა პრობლემა ამან ვერ მოაგვარა. თელავში დღესაც უამინდობა და თოვლია.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხარჯთაღრიცხვა მხოლოდ ახლა დასრულდა და ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამარჯვებული კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, თუმცა რა ვადაში მოგვარდება პრობლემა, თელავის მერი ვერ აკონკრეტებს.
“28 დეკემბერს მოსულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც მუნიციპალიტეტში უამრავი სახლი დაგვიზიანა, ასევე არის დაახლოებით 10-11 მრავალბინიანი კორპუსი, დასრულდა ბინების სახართაღრიცხოვო დოკუმენტების მომზადება, ამჟამად ვემზადებით სატენდერო დოკუმენტაციისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა და გადახუროს კორპუსები”, – ამბობს მერი.
ავტორი: ია გულიაშვილი.