ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს | გენერალი ჰოჯესი

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს. ამის შესახებ გადამდგარი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის თავშეკავება, როდესაც საქმე რუსული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ეხება. ჰოჯესი თვლის, რომ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობა კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.
“…მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან წარსულში უკვე დავინახეთ შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართ თავშეკავება, რაც ანაკლიის პორტს ეხება. ანაკლია ამ [რუსულ პორტთან] ძალიან, ძალიან ახლოს იქნება. მაინცდამაინც ასე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს გაანელებს თუნდაც მხოლოდ აქამდე არსებულ ენთუზიაზმს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. ვნახოთ. ვნახოთ რა მოხდება და შეძლებენ თუ არა რუსები მის აშენებას.” ამბობს ჰოჯესი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.