უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, ოცამდე დაკავებული, ფიზიკური დაზიანებები და ხანგრძლივი ხმაურიანი კონფლიქტი – თბილისის ცენტრში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში აღსრულების პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. აღმასრულებლები კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსასახლებლად მივიდნენ. ოჯახს ბინა კრედიტის უზრუნველსაყოფად ჰქონდა ჩადებული. ფინანსური დავა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, დღეს ძალადობრივი გამოსახლებით დასრულდა.
ხატიაშვილები ამტკიცებენ, რომ ბანკისთვისაც და კერძო მევახშისთვისაც ნასესხებზე გაცილებით მეტი აქვთ გადახდილი. ქონების ახალი მესაკუთრეები კი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქმედებენ. ოჯახის მეზობლების, ახლობლებისა და საქმეში ჩართული სამოქალაქო აქტივისტების განსაკუთრებული გაღიზიანება კი აღმასრულებლების სრულიად არაჰუმანურმა მოქმედებამ გამოიწვია და ეს პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება.