გია ვოლსკი “ხალხის ძალის” განცხადებაზე: … არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელის, პირველი ვიცე-სპიკერის ს აზრით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამოძიების საკითხზე დაბრუნება და ამ თემისთვის ახალი განვითარებისა და იმპულსის მიცემა საჭირო არ არის.
ამ კონტექსტში ვოლსკი “ხალხის ძალის” დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ხალხის ძალა” არ აყენებს საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.
ვოლსკის განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, როცა ომი გარდაუვალი იყო და ყველა ნიშანი ჩანდა, რომ აგრესიას აპირებდა, ხელისუფლებამ რატომ არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა, რატომ შეიქმნა ისეთი გარემოება როცა საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებას ვერ მიაღწია, რატომ დაგვჭირდა წლები იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელიც არსებობდა და საეჭვო ვითარებაში იყო მიფანტული.
“საუბარია იმაზე თუ როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება, სად იყო შეცდომა თუ ღალატი – მით უფრო იმ განცხადების მერე, რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს 2008 წელს საქართველო ახლოს იყო ნატოსთან, ხოლო დღეს არის ახლოს ნატოსთან. “ხალხის ძალის” განცხადების წინაპირობა ამან წარმოშვა.
არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ. საქართველოში პოლიტიკური ვითარებაა ისეთი, რომ ეს აუცილებლად განხილული იქნება როგორც პოლიტიკური სპეკულაცია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამის მომხრე იქნებოდა.
ჩვენ საკმაოდ დიდი და სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ჩვენი სიმართლეც დაგვემტკიცებინა და რუსეთიც გამტყუნებულიყო. არამხოლოდ სტრასბურგის, არამედ ჰააგის სასამართლომაც ეს დაადასტურა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ხალხის ძალამ” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ “სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოიძიონ და დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი”.