ნინო ვარდოსანიძე – ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის

ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული თუ ურბანული პროექტები და მშენებლობები თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. მსგავსი მასშტაბების პროექტებს კი თან გარკვეული დისკომფორტი ყოველთვის ახლავს.
„ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და აქ არ არსებობს ვინმესთვის გამონაკლისი ან პრივილეგია. შესაბამისად, ის დისკომფორტი, რომელიც, მაგალითად, გადაადგილებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, თანაბრად მოქმედებს თითოეულ მოქალაქეზე.
ყველა ის პროექტი, რომელიც ქალაქში ხორციელდება და გზების მშენებლობებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ უხერხულობას იწვევს, თუმცა, შედეგად უფრო და უფრო ლამაზდება და ვითარდება ჩვენი დედაქალაქი, რომელიც დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია წლების წინანდელი თბილისისგან“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ რეალურად თბილისი ხდება ევროპული ტიპის ქალაქი და ამ ყველაფერს დრო, მოთმინება და პროფესიონალიზმი სჭირდება.
ნინო ვარდოსანიძემ იმ კომპანიებსა და ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებსაც პროფესიონალიზმი ხშირად არ ჰყოფნით.
მისი თქმით, არის პრობლემა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით და ის, ვისაც მშენებლობასთან ჰქონია შეხება, მსგავს პრობლემას აუცილებლად წააწყდებოდა.
„მთავარი არის ის, რომ რეალურად ვხედავთ ქალაქის განვითარებას, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე ვხედავთ, თუ როგორ ხდება შენების ნგრევად წარმოჩენა, განვითარების აპოკალიფსად დახატვა, მტკიცება იმისა, რომ თეთრი შავია, თან ხშირად იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავის დროზე ნგრევასა და ფასადურ მშენებლობას შენებას უწოდებდნენ“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.