2026 წლის 1 იანვრიდან ზოჰრან მამდანი აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
34 წლის ზოჰრან მამდანიმ, – რომელიც თავს დემოკრატიულ სოციალისტს უწოდებს, – ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 2025 წლის 4 ნოემბერს მოიპოვა გამარჯვება.
მამდანიმ ამ პოსტზე ჩაანაცვლა ერიკ ადამსი.
4 ნოემბრის არჩევნებში კენჭს იყრიდნენ რესპუბლიკელი კერტის სლივა და ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.
ზოჰრან მამდანი გახდა ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.
ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა – ინდოელი. მამა ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ მამდანია, დედა – კინორეჟისორი მირა ნაირი.
ფორუმი




