მიხეილ ყაველაშვილი – 2025 წელი ერთდროულად განსაცდელის და სულიერი სიძლიერის წელი იყო – ჩვენმა ხალხმა არნახულ ზეწოლას გაუძლო, დაიცვა ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენის და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს

2025 წელი ერთდროულად განსაცდელის და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, არნახულ ზეწოლას გაუძლო, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენის და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საზოგადოებას დამდეგი 2026 წელი მიულოცა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი.
“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დღეს, ამ განსაკუთრებულ წუთებში, როდესაც ძველი წელი ისტორიას ბარდება და ახალი კარს აღებს, მოგმართავთ დიდი სიამაყით, მადლიერების გრძნობთ და მომავლის იმედით.
2025 წელი ერთდროულად განსაცდელის და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, არნახულ ზეწოლას გაუძლო, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნულ ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენის და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს.
სწორედ ამ განწყობით და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს. მინდა, გულწრფელი სიყვარულით და მონატრებით დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
მსურს, განსაკუთრებულად მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენი ხალხის სულიერ საყრდენს, რწმენის, ზნეობის და ეროვნული ერთიანობის მცველს.
ვულოცავ ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს. დიდი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსებითა და ერთგულებით იცავენ ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოს უსაფრთხოებას.
ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას. ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში, ყოველთვის გვქონოდეს რწმენა, რომ ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევას შევძლებთ. გილოცავთ, დამდეგ 2026 წელს, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.