მწერალი ლაშა ბუღაძე:
პრობლემა ხშირად ჭარბ სენტიმენტალურობაში და მოვლენების მხოლოდ ემოციურობის პერსპექტივიდან აღქმაშია. ზოგჯერ კი საერთოდ იმის დავიწყებაშიც, რომ საქართველო უმძიმეს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული რუსეთთან და მის მარიონეტებთან. წესით ასე კი არ უნდა ითქვას (ეს შემომესმა გუშინ და ყურში მომხვდა), რომ “ქართულმა ოცნებამ” ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს”, არამედ “იძულებული გახდა (!), რომ ნაწილი გაეთავისუფლებინა, რადგან კრიზისი აქვს შიგნითაც და გარეთაც და ვერ უმკლავდება”. ერთმანეთს ჭამენ, ძირავენ და გარეთ კი იზოლაციაში არიან. რუსეთი კი გამარჯვების გარანტიას ვეღარ იძლევა. ყველა პროცესი – მათ შორის, პატიმრების ნაწილის “გამოშვება” – ამ ჭრილშია დასანახი და არანაირად – რაიმე სხვა კუთხით. თუკი ნებით თუ უნებლიეთ ჩვენც “შეწყალებაზე” და “მონანიებაზე” დასვამთ უსამართლო აქცენტს, მაშინ ბუნებრივად დავაკნინებთ იმ, სულ მცირე, ორწლიან უწყვეტ ბრძოლას, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს. “მონანიების” დისკურსის აქტუალიზება იმთავითვე კაგებეს მეთოდია და აგერ ეს ვინმე სხვას კი არა, ზვიად გამსახურდიასაც კი რეპუტაციულ კატასტროფად უქციეს სამოცდაათიანი წლების ბოლოს დისიდენტურ წრეებში, მაგრამ მისი და ეროვნული მოძრაობის ბრძოლა ამით სრულებითაც არ შეწყეტილა და ბოლოს საერთოდაც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მივიდა. ცხადია, რეჟიმი მუდმივად ცდილობს ლეგიტიმაცია-აღიარების მიღებას (თუნდაც ამ სადისტოიდური აქტებით), მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოება ვაჭართან დაპირისპირებაშია შესული… ამიტომ ალბათ ენაც უნდა ვაკონტროლოთ და ცხადია ემოციაც, არც სენტიმენტალურობამ უნდა დაიკავოს ჩვენი წინააღმდეგობის დისკურსი და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარი მებრძოლია და ფორმალობებით კი არსი არ იცვლება – ივანიშვილი იძულებულია, ივაჭროს და რაც დრო გავა, კრიზისი სულ უფრო მეტად და მეტად გაუღრმავდება. სწორად თქმული სიტყვები და შეფასებები კი ამ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ზოგჯერ ჩვენვე არ გვჯერა ხოლმე ჩვენივე სიტყვების მნიშვნელობის და ეს კი ძალიან უცნაურია.




