2025 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები — დან ტვინის ჩიპებამდე

ტექნოლოგიები 2025
2025 წელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
გასული თვეების განმავლობაში NEXT.On.ge მიმდინარე სიახლეებს რეგულარულად გიზიარებდათ, ამ სტატიაში კი კონკრეტულად ტექნოლოგიების კუთხით წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს შევაჯამებთ.
და რობოტიკა
ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ შეჯამებას ხელოვნური ინტელექტის () დარგის სიახლეებით დავიწყებთ.
OpenAI-მ ახალი ენობრივი მოდელი GPT-5 გამოუშვა
შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT თვალსა და ხელს შუა იზრდება. მაგალითად, ამ წლის აგვისტოში ეს პოპულარული ჩატბოტი კიდევ უფრო განვითარდა — კომპანიამ GPT-5 გამოუშვა.
სემ ალტმანის, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, ეს OpenAI-ს წინა მოდელებიდან დიდი ნახტომია. ამბობენ, რომ GPT-5 უფრო ჭკვიანი, სწრაფი და მეტად უშეცდომოა. ალტმანმა ისიც აღნიშნა, რომ იგი კოდირების თვალსაზრისითაც საუკეთესოა.
“GPT-3-თან საუბარი საშუალო სკოლის მოსწავლესთან ლაპარაკს ჰგავდა. შეგეძლო დაგესვა კითხვა და, ან სწორ პასუხს მიიღებდი, ან რაღაც სისულელეს. GPT-4-თან ინტერაქცია კოლეჯის სტუდენტთან საუბარს მოგაგონებდათ. GPT-5 პირველი მოდელია, რომელთან საუბარიც რეალურად დოქტორის დონის ექსპერტთან დიალოგს ჰგავს”, — განაცხადა ალტმანმა აგვისტოში.
უნდა ვახსენოთ, რომ GPT-5 აგვისტოში გამოვიდა, დღეს კი უკვე GPT-5.2-იც კია ხელმისაწვდომი.
ასევე იხილეთ: როგორ შეიცვალა ChatGPT 2025 წელს? — ჩატბოტს თვითრეფლექსია ვთხოვეთ
Manus: ჩინეთმა “მსოფლიოში პირველი” ავტონომიური აგენტი შექმნა
ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ახალი სისტემა გამოუშვეს, სახელად Manus. მისი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მას რთული მოქმედებების შესრულება დამოუკიდებლად, ადამიანის მითითებების გარეშე, შეუძლია.
ეს AI აგენტი ასინქრონულად მუშაობს, ანუ მოქმედებებს ფონურ რეჟიმში ასრულებს და ადამიანის მუდმივი მეთვალყურეობა არ სჭირდება. როცა დავალებას შეასრულებს, იგი მომხმარებელს ამის შესახებ ატყობინებს. სხვა სიტყვებით, Manus-ს ინსტრუქციებისთვის ლოდინი ყოველთვის არ სჭირდება.
ერთი AI მოდელის გამოყენების ნაცვლად, Manus აღმასრულებლის ფუნქციას ითავსებს და კონკრეტული “სპეციალობით” მომუშავე რამდენიმე ქვეაგენტს მართავს. შედეგად აგენტი შედარებით რთულ, რამდენიმე ნაბიჯისგან შემდგარ, დავალებებს ართმევს თავს.
უკვე კარგად ნაცნობი ჩატბოტებისგან განსხვავებით, ავტონომიურობის გამო Manus-ს ადამიანების ჩანაცვლების მეტი პოტენციალი აქვს — თუ, რა თქმა უნდა, იგი მართლაც ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდება, როგორც შემქმნელები აღწერენ.
OpenAI-მ ვიდეოების გენერირების სოციალური აპლიკაცია Sora გამოუშვა
OpenAI-მ iOS-თვის ახალი სოციალური ვიდეო-აპლიკაცია, Sora, გამოუშვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტექსტური აღწერით ან ფოტოთი მოკლე ვიდეორგოლები შექმნან.
Sora-ს აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია, რომ ტექსტური აღწერის ან ფოტოსურათის საფუძველზე 10 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოები შევქმნათ და გავაზიაროთ.
აპლიკაციის მთავარი სოციალური ელემენტი “Cameos” ფუნქციაა. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი და მეგობრები AI-ს მიერ გენერირებულ ვიდეოებში ჩასვან. კონფიდენციალურობის დასაცავად, თუ ვინმე თქვენს “Cameo”-ს გამოიყენებს, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და ვიდეოს გამოყენების დადასტურების ან მისი წაშლის შესაძლებლობა გექნებათ.
ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებაშიც იკიდებს ფეხს
AI-ს უკვე მეცნიერებიც აქტიურად იყენებენ. მეტიც, მსგავს დარგებშიც კი მოიძებნება საქმეები, რომლებსაც AI ადამიანებზე უკეთ ართმევს თავს. მაგალითად, აგვისტოში ხელოვნურმა ინტელექტმა ფიზიკის ახალი კანონები გამოავლინა.
მკვლევართა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის სისტემას ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები მიაწოდა. ისინი იდუმალ აგრეგატულ მდგომარეობას ეხება, რომელსაც მტვრიან პლაზმას უწოდებენ. ამის შემდეგ AI მოდელმა იმ უცნაური ძალების ზუსტი აღწერა გამოავლინა, რომლებიც აქამდე ბოლომდე არავის არ ესმოდა.
ეს მიგნება გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მანამდე უცნობი კანონების აღმოსაჩენად შეიძლება გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ახალმა კვლევამ პლაზმის ფიზიკაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები შეასწორა.
AI-მ ძალები გეოლოგიაშიც სინჯა. ასევე აგვისტოს თვეში ხელოვნურმა ინტელექტმა გლობალური მყინვარული ეროზია ახალი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. საინტერესოა, რომ რამდენიმე თვით ადრე AI-ს ხანძრების პროგნოზირებაც შესანიშნავად გამოუვიდა.
იმის მიუხედავად, რომ ში AI-ს გამოყენება საკამათოა, შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კიბოს დიაგნოზს ექიმებზე სწრაფად სვამს. მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდა, კერძოდ ცისტური ფიბროზის შემთხვევაში. საინტერესოა, რომ აქ პაციენტი 9 თვის ბავშვი იყო.
AI-ს, თურმე, ისტორიაც ძალიან “აინტერესებს”. ამაში ახალი AI ხელსაწყო დაგარწმუნებთ, რომელიც მეცნიერებს რომაული წარწერების გაშიფვრაში ეხმარება. ალბათ, არც ის გაგიკვირდებათ, რომ ჩვენი საყვარელი ჩატბოტები ვერც მკვდარი ზღვის გრაგნილებმა შეაშინა და ვერც — ბიბლიამ. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა მკვდარი ზღვის გრაგნილები სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაათარიღეს: აღმოჩნდა, რომ ზოგი მათგანი ძვ.წ. 200-იდან ახ.წ. 100 წლებამდე პერიოდში დაიწერა; ბიბლიის შემთხვევაში მეცნიერებმა მისი სხვადასხვა ნაწილის ავტორებზე მეტის გასაგებად AI გამოიყენეს.
ჩინეთში შექმნეს პირველი რობოტი, რომელსაც 24/7-ზე ავტონომიურად ფუნქციონირება შეუძლია
ჩინეთში წარადგინეს მოდელი, რომელიც ბატარეებს იცვლის. ეს ნიშნავს, რომ მას 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე, ავტონომიურად ფუნქციონირება შეუძლია. რობოტს Walker S2 ჰქვია და ჩინური კომპანია UBTECH-ის მიერაა შექმნილი.
მოწყობილობას ისიც შეუძლია განსაზღვროს, თუ რა მაჩვენებელზეა მისი დარჩენილი ენერგია და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, ბატარეის გამოცვლა სჭირდება, თუ მისი დატენაც საკმარისია.
Walker S2-ის გამოყენება საწარმოებსა და ისეთ დაწესებულებებშია შესაძლებელი, სადაც ის მომხმარებლებს დახვდება და დაეხმარება. მისი თავისუფლების დონე 20-ია, რაც მოძრავი მექანიზმების რაოდენობას შეესაბამება. ის უსადენო ინტერნეტსა და ბლუთუზსაც მარტივად უკავშირდება.
Amazon-მა საწყობში სამუშაოდ ახალი რობოტი შექმნა
კომპანია Amazon-მა ახალი რობოტი შექმნა. მას ნივთების გადაადგილება შეუძლია, რაც საშუალებას აძლევს, საწყობში პროდუქტი აიღოს და დააწყოს.
ამ რობოტს “ვულკანი” დაარქვეს. იგი ზუსტად განსაზღვრავს, რა წნევაა საჭირო სხვადასხვა ზომის ფორმისა და სიმკვრივის მქონე ნივთების ასაღებად და გადასაადგილებლად.
კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ საწყობებში “ვულკანის” მასშტაბური გამოყენება ადამიანებისთვის ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს შექმნის. მათ შორისაა რობოტების მართვა და გადამოწმება, სწორად ასრულებენ თუ არა ისინი სამუშაოს.
Toyota-მ რობოტი სკამი შექმნა, რომელიც დადის, დაცოცავს და იკეცება
Toyota-მ რევოლუციური სკამი წარადგინა, სახელწოდებით Walk Me. იაპონიის მობილობის გამოფენაზე წარმოდგენილი ეს მოწყობილობა მრავალი პრობლემის გადაჭრას გვპირდება — მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამოწვევების: კიბეებზე ასვლა, არათანაბარ ზედაპირზე გადაადგილება და ავტომობილში ჩაჯდომა.
ტრადიციული ეტლებისგან განსხვავებით, Walk Me ბორბლების ნაცვლად ოთხ რობოტულ კიდურს იყენებს, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებების გამოყენებაც, მაგალითად “სამზარეულო” ან “მეტი სიჩქარე”.
Walk Me-ს კიდევ ერთი თვალსაჩინო ფუნქცია მისი პლასტიკურობაა. ერთი ღილაკის დაჭერით, კიდურები იკეცება და ეტლი სამოც წამში კომპაქტურ ფორმას იღებს.
აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა
ეს წელი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მხრივაც პროდუქტიული გამოდგა.
შეიქმნეს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიკროჩიპი
TSMC-მ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე, 2-ნანომეტრიანი, მიკროჩიპი წარადგინა. ახალ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ეს მოიცავს გამოთვლითი სიჩქარის 15%-ით გაზრდას იმავე სიმძლავრის დონეზე ან 20-30%-ით ენერგიის მოხმარების შემცირებას ძველ სიჩქარეზე. გარდა ამისა, ახალ ტრანზისტორში სიმკვრივე 15%-ითაა გაზრდილი. მთლიანობაში, ეს ტექნოლოგიას უფრო სწრაფსა და ენერგოეფექტიანს გახდის.
Amazon-მა Graviton5 და Trainium3 გამოუშვა
Amazon-მა წელი გრანდიოზულად დახურა. კომპანიამ Graviton5 და Trainium3 გამოუშვა. პირველი მათგანი ARM-ზე დაფუძნებული ყველაზე მძლავრი ღრუბლოვანი პროცესორია, მეორე კი — AI ამაჩქარებელი ჩიპი.
Graviton5 ღრუბლოვანი გამოთვლების სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის, თანაც ისე, რომ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებს ენერგიის ხარჯებს უმცირებს.
Trainium3 დიდი ენობრივი მოდელების გაწვრთნისთვისაა ოპტიმიზებული. ეს AWS (Amazon Web Service)-ის მომხმარებლებისთვის გაცილებით ბიუჯეტური ალტერნატივაა, ვიდრე Nvidia-ს გრაფიკული პროცესორები.
წამყვანმა კომპანიებმა ელექტრობის ნაცვლად, სინათლის გამოყენება დაიწყო
წელს ბევრმა მოწინავე კომპანიამ, როგორიც Google-ია, ელექტრული სიგნალებიდან ოპტიკურ კავშირებზე გადასვლა დაიწყო. ეს ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, თანაც ისე, რომ ჩიპებს შორის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურ სამყაროში სპილენძის ელექტროგაყვანილობის “ბატონობა” სრულდება, რადგან მისი შესაძლებლობები თითქმის ამოწურა.
არაა გამორიცხული, ამ ცვლილებამ AI-ს, მონაცემთა ცენტრებსა და სუპერკომპიუტერებს უფრო სწრაფი და ეფექტიანი გამოთვლების შესაძლებლობა შესთავაზოს.
ჩინეთმა ნეირომორფული AI სერვერი შექმნა
ოქტომბერში ჩინეთმა BIE-1 შექმნა. ეს ინფორმაციის დამუშავებისთვის განკუთვნილი ნეირომორფული (ადამიანის ტვინის მსგავსი) სერვერია. ტრადიციულ, გრაფიკულ პროცესორზე დაფუძნებულ, სერვერებთან შედარებით იგი ძალიან ენერგოეფექტიანია. ალტერნატიული კომპიუტერული არქიტექტურის (რომელიც ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე არაა დაფუძნებული) განვითარების გზაზე ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ახალი ტექნოლოგია 1 152 ნეირომორფულ ბირთვს მაცივრის ზომის სერვერში ატევს. ეს დაახლოებით 90%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული, გრაფიკულ პროცესორზე დაფუძნებული სერვერები.
ტვინ-კომპიუტერის ინტერფეისი და ნეიროტექნოლოგიები
2025 წელს ტვინ-კომპიუტერის ინტერფეისიც (BCI) მნიშვნელოვნად განვითარდა.
მეცნიერებმა უსადენო BCI-ით ადამიანის ტვინის სიგნალები პირველად ჩაიწერეს
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ახალი უსადენო BCI, იგივე ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი, გამოცადა: ის მათ ადამიანის სხეულში დროებით ჩანერგეს. მოწყობილობა დაახლოებით 421-მიკროელექტროდიანი იყო.
მისი საშუალებით მეცნიერებმა ნეირონული აქტიურობა წარმატებით დააფიქსირეს. ეს კლინიკურად გამოსადეგი და ნაკლებად ინვაზიური BCI-ების განვითარების გზაზე უზარმაზარი ნაბიჯია.
მკვლევრებმა ნეირონული სიგნალები საუბრად გარდაქმნეს
ამ წლის ივნისში კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ისეთი BCI განავითარეს, რომელსაც ნეირონული სიგნალების საუბრად გარდაქმნა მინიმალური შეფერხებით შეუძლია. ამან ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) მქონე პაციენტს ხმის ამოუღებლად (მხოლოდ ფიქრებით) საუბრის საშუალება მისცა. სისტემას მისთვის ახალი სიტყვების “თქმა” და ხმის ტონის შეცვლაც შეუძლია.
შეიქმნეს ტვინის მიკროჩიპი, რომელიც 96%-იანი სიზუსტით მუშაობს
ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ტვინის მიკროსკოპული სენსორი შექმნეს. ის იმდენად მცირე ზომისაა, რომ თავის კანზე თმის ფოლიკულებს შორის არსებულ მცირე სივრცეში მისი მოთავსებაცაა შესაძლებელი. სენსორი ძალიან წვრილი და შეუმჩნეველია, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში მისი კომფორტულად ტარება თავისუფლად შეიძლება.
გამოცდისას ტექნოლოგიამ დავალება 96.4%-იანი სიზუსტით შეასრულა. სენსორის მიერ ვიზუალური სტიმულების აღქმის წყალობით მომხმარებლებს ხელების გამოყენების გარეშე ტელეფონში ნომრების ჩამონათვალის გადახედვა და AR ვიდეო ზარებზე პასუხის გაცემა შეეძლოთ.
Neuralink-ის მესამე პაციენტმა ტვინის იმპლანტის გამოყენებით ვიდეო შექმნა და ის YouTube-ზე ატვირთა
შეუძლებელია, ამ ჩამონათვალში Neuralink არ ვახსენოთ. ეს ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც პარალიზებული ადამიანებისთვის BCI-ებს ავითარებს. მიზანი ისაა, რომ პაციენტებმა მოწყობილობების კონტროლი მხოლოდ ფიქრით შეძლონ — ამისთვის პატარა ჩიპებს იყენებენ, რომლებიც მიკროსკოპულად თხელი ბოჭკოებით ნეირონულ სიგნალებს კითხულობს.
Neuralink-ს გადასარევი წელი ჰქონდა. მაგალითად, მაისში მათმა მესამე პაციენტმა ტვინის იმპლანტანტის გამოყენებით ვიდეო შექმნა და ის YouTube-ზე ატვირთა.
ჩიპი პაციენტის მოტორულ ქერქშია მოთავსებული და დაახლოებით ხუთი ერთმანეთზე დადებული მონეტის ზომისაა. მასში 1 000-ზე მეტი ელექტროდია. პაციენტის თქმით, Neuralink მის ფიქრებს უწყვეტად არ კითხულობს. ჩიპი მხოლოდ ტვინის იმ სიგნალებს უკეთებს ინტერპრეტაციას, რომლებიც მიუთითებს, როგორ და რა მიმართულებით სურს ისრის (კურსორის) გადაადგილება.
FDA-იმ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა
-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს.
მოწყობილობა კომპანია Flow Neuroscience-მა შექმნა და FL-100 ჰქვია. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს; მოწყობილობა ელექტროდენს აწვდის ტვინის ერთ-ერთ რეგიონს, რომელსაც დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი ჰქვია. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი გუნება-განწყობის აშლილობებსა და დეპრესიასთან არის კავშირში. თავად ტექნიკას ტრანსკრანიალური პირდაპირი ელექტრული სტიმულაცია (tDCS) ეწოდება.
FDA-ის ნებართვის ფარგლებში მოწყობილობა ექიმის დანიშნულებით იქნება ხელმისაწვდომი ზრდასრულებისთვის, კონკრეტულად დიდი დეპრესიული აშლილობის ზომიერი ან მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. მოწყობილობა, სავარაუდოდ, 500-800 დოლარი ეღირება.
შექმნეს ჩიპები, რომლებიც ტვინში თავისით ინერგება
შესაძლოა, მალე ნეიროქირურგიის ჩანაცვლება მკურნალობის ახალი მეთოდით გახდეს შესაძლებელი. ამისთვის, უბრალოდ, მკლავში გაკეთებული ერთი პატარა ინიექციაა საჭირო.
მათ მიკროსკოპული ბიოელექტრონული მოწყობილობა შექმნეს. ის სისხლში შეჰყავთ, საიდანაც ტვინში თავისით ინერგება ისე, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი აღარაა. ამის შემდეგ ეს მოწყობილობა ენერგიით უსადენოდ მარაგდება, რითაც იგი ნეირონების ელექტროსტიმულაციას ახერხებს. ამას ისეთი დაავადებების მკურნალობის პოტენციალი აქვს, როგორიც ალცჰაიმერი, სკლეროზი ან ტვინის სიმსივნეა.
პარალიზებული კაცი რობოტულ მკლავს შვიდი თვის განმავლობაში გონებით აკონტროლებდა
ინსულტის შედეგად პარალიზებულმა კაცმა გონებით რობოტული ხელი “დაიმორჩილა”. მან საგნები აიღო და მათ ადგილი შეუცვალა. მართალია, მსგავსი ტექნოლოგია აქამდეც გამოუცდიათ, თუმცა შედეგი სულ რაღაც 1-2 დღით ნარჩუნდებოდა. ამ შემთხვევაში კი ტვინსა და კომპიუტერს შორის კავშირი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა.
ცდისპირმა ნივთების აღება, მათი მიმართულების შეცვლა და სასურველ ადგილას მოთავსება შეძლო. ასევე, კარადიდან ჭიქა გამოიღო და წყლით აავსო. ასეთ მოძრაობებს ის 35 დღის განმავლობაში სტაბილურად ართმევდა თავს. თვეობით შესვენების შემდეგ, მონაწილესა და ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდათ, რათა იგივე მოძრაობები აღედგინათ.
ეს ყოველივე იმედს აჩენს, რომ მოწყობილობა ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კოსმოსური ინჟინერია
2025 წელს კოსმოსური ინჟინერიაც ძალიან განავითარეს.
მეცნიერებმა პლაზმური ძრავის პროტოტიპი შექმნეს, რომლითაც მარსამდე მისვლა 30 დღეში შეიძლება
თებერვალში მეცნიერებმა პლაზმური რაკეტის ელექტროძრავის ლაბორატორიული პროტოტიპი წარადგინეს, რომელმაც შეიძლება პლანეტათაშორისი ლოჯისტიკა თავდაყირა დააყენოს.
ქიმიური რაკეტები საწვავს ერთ ბიძგში წვავს, ახალი ძრავა კი მაგნიტური პლაზმის ამაჩქარებლის წყალობით უწყვეტი ბიძგების საშუალებას გვაძლევს. ზოგადად, მარსამდე მისვლას დაახლოებით 9 თვე სჭირდება, ამ მიგნების დახვეწის შემთხვევაში კი ეს დრო 30-60 დღემდე შეიძლება შემცირდეს. ამას დაახლოებით 2030 წლისთვის უნდა ველოდოთ.
იაპონელებმა კოსმოსური ნაგვის გაწმენდის “უკონტაქტო” მეთოდი იპოვეს
ტოჰოკუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც ორბიტაზე არსებულ ნაგავს გაანადგურებს.
მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: სატელიტი ორბიტაზე არსებულ ნარჩენს პლაზმის სხივს მოახვედრებს, რომელიც მას შეანელებს, შედეგად კი ეს ნაგავი ატმოსფეროში დაიწვება. ამის პარალელურად მეორე სხივი საპირისპირო მიმართულებით გაეშვება, რათა სისტემამ სტაბილურობა შეინარჩუნოს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა იმის გათვალისწინებით, რომ ორბიტის დაბინძურების დონე დღესდღეობით მართლაც საგანგაშოა.
ინჟინრებმა პოტენციური ვარსკვლავთშორისი ხომალდის დეტალური დიზაინი შექმნეს
ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავური სისტემა ალფა კენტავრია, რომლისგანაც დაახლოებით 4 სინათლის წელი გვაშორებს. თუ მომავალში იქ გამგზავრებას გადავწყვეტთ, გიგანტური, 58-კილომეტრიანი, ხომალდის დიზაინი უკვე ჩვენს ხელთაა. ის პროექტ ჰიპერიონის დიზაინერული კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა შექმნა და Chrysalis ეწოდება.
მათ ისეთი დეტალებიც კი გათვალეს, როგორებიც ხომალდში არსებული სხვადასხვა სივრცის დანიშნულება, ადამიანების დასაშვები რაოდენობა და თაობებს შორის ცოდნის გავრცელების გზებია.
ეს ყველაფერი ჯერჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში უფროა, რადგან ამჟამინდელი ტექნოლოგიით მსგავსი მასშტაბის ხომალდის აშენება არ შეგვიძლია. ამის მიუხედავად, ცუდი არაფერია იმაში, რომ დიზაინი უკვე გვაქვს. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ის გამოვიყენოთ კიდეც?!
Blue Origin-ის რაკეტის ამაჩქარებელი მარსის ისტორიული მისიის შემდეგ წარმატებით დაეშვა
ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე მარსის მისია ESCAPADE-ს წყვილი ზონდი აიტანა. მათი გამოთავისუფლების შემდეგ New Glenn-ის მრავალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელი უკან წარმატებით დაბრუნდა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან მრავალჯერადი ამაჩქარებლები კოსმოსურ ორგანიზაციებს ხარჯებისა და დროის დაზოგვაში დაეხმარება. ასევე, ამ რაკეტის უსაფრთხო დაბრუნება კომპანიისთვის დიდი მიღწევაა, რადგან იგი კონკურენციას ილონ მასკის Starship-ს უწევს.
მრავალჯერადი გამოყენების ჩინური რაკეტა პირველად აფრინდა
Zhuque-3 ჩინელების მიერ შექმნილი ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაა, რომელიც 2025 წლის 3 დეკემბერს ორბიტაზე გაუშვეს. უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწაზე დაბრუნებული ხომალდი დაშვებისას აფეთქდა, თუმცა მისიის სხვა ფაზები წარმატებული იყო.
იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპი ბოლომდე გეგმის მიხედვით არ განხორციელებულა, ეს აფრენა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ინჟინერიის მხრივ უზარმაზარ პროგრესზე მეტყველებს.
იაპონიამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოსამარაგებლად სატვირთო ხომალდი წარმატებით გაუშვა
HTV-X1 იაპონური სატვირთო კოსმოსური ხომალდია, რომელიც ოქტომბერში H3 რაკეტით წარმატებით გაეშვა. ხომალდს მარგი დატვირთვის გაზრდილი მოცულობა და გაუმჯობესებული ენერგეტიკული სისტემები (მათ შორის, გაგრილების სისტემა) აქვს. მისიის მიზანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მომარაგებაა.
აღსანიშნავია, რომ HTV-X1 იაპონიის ძველი HTV “Kounotori” ხომალდის ჩასანაცვლებად შექმნეს. ამ უკანასკნელის გაშვება ძალიან ძვირი ჯდებოდა, თანაც, ნაკლებად მოქნილი სატვირთო კონფიგურაციები ჰქონდა. გარდა ამისა, ახალი ხომალდის თერმული და ენერგოსისტემები უფრო ხანგრძლივი მისიების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ბიოსამედიცინო ინჟინერია
2025 წელს ბიოსამედიცინო ინჟინრებმაც განსაკუთრებულად იმარჯვეს.
გარღვევა დაავადებების მოდელირებაში
სექტემბერში ამერიკელმა ინჟინრებმა პირველი “ფილტვი ჩიპზე” განავითარეს, რომელიც ფუნქციონირებად იმუნურ სისტემასაც მოიცავს. ეს მოდელი რეალურ დროში გვიჩვენებს პროცესებს, რომლებიც ფილტვების ინფექციებსა და წამლებზე რეაგირებისას მიმდინარეობს. ეს ქსოვილური ინჟინერიისა და მიკროფიზიოლოგიური სისტემების დარგებში მნიშვნელოვანი გარღვევაა — ამ მიგნების განვითარებით შეიძლება წამლები ცხოველების გარეშეც გამოვცადოთ.
ულტრაბგერითი ინჟინერიის მიგნებით ტვინისა და სისხლის ბარიერი გახსნეს
2025 წელი ულტრაბგერითი ინჟინერიის განვითარების კუთხითაც წარმატებული აღმოჩნდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინრებმა სისხლისა და ტვინის ბარიერის არაინვაზიურად გახსნის გზა იპოვეს, რომელიც ტვინის სიმსივნის მქონე ბავშვებზე გამოცადეს. ეს მიგნება ქიმიოთერაპიულ წამლებს ტვინის იმ უბნებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს, რომლებიც აქამდე მიუწვდომელი იყო.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს გარღვევა ტვინის სიმსივნეებისა და სხვა ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის გზებს გააუმჯობესებს.
ისტორიაში პირველად, გულის გადანერგვის ოპერაცია სრულად რობოტის დახმარებით ჩატარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიაში პირველად, ქირურგებმა გულის გადანერგვის ოპერაცია სრულად რობოტის გამოყენებით ჩაატარეს. მათ ადამიანის დაზიანებული გული გულმკერდის გაუხსნელად და მკერდის ძვლის დაუზიანებლად შეცვალეს.
ეს ისტორიული პროცედურა ბეილორ სენტ ლუკის სამედიცინო ცენტრში (ჰიუსტონი) მარტის დასაწყისში ჩატარდა. პაციენტი 45 წლის კაცი იყო, რომელსაც გულის მძიმე უკმარისობა აღენიშნებოდა.
სტანდარტული ოპერაციისგან განსხვავებით, ექიმებმა გულმკერდის გახსნის ნაცვლად ქირურგიული რობოტი გამოიყენეს. მისი დახმარებით უფრო მარტივად შეძლეს გულმკერდის არეში ნავიგაცია და მცირე ზომის განაკვეთების გაკეთება. ოპერაციის შედეგად დაზიანებული გული დონორის ორგანოთი შეცვალეს, თანაც ისე, რომ მკერდის ძვლის გაკვეთა საჭირო არ გამხდარა.
ეს მიდგომა ქირურგიაში რევოლუციური ნაბიჯია, რადგან რობოტულ სიზუსტეს ში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცედურასთან აერთიანებს.
მეცნიერებმა გულის ყველაზე პატარა ელექტროსტიმულატორი შექმნეს
მეცნიერებმა ყველაზე პატარა ელექტროკარდიოსტიმულატორი, იგივე “პეისმეიკერი”, შექმნეს. ის ბრინჯის მარცვალზე მცირე ზომისაა და შეიძლება ორგანიზმში ინიექციის გზით მოთავსდეს. მოწყობილობა სინათლით იმართება და ბოლოს მთლიანად იშლება.
ადამიანებზე მისი ტესტირება ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა, თუმცა ეს უკაბელო ელექტროსტიმულატორი შეფასდა, როგორც “ტრანსფორმაციული გარღვევა”. შესაძლოა, ის მედიცინის სხვა სფეროებშიც მნიშვნელოვანი წინსვლის მიზეზი გახდეს.
სამხედრო ტექნოლოგიები
2025 წელს სამხედრო ტექნოლოგიებიც მნიშვნელოვნად განავითარეს.
შექმნეს მიკროტალღური ტექნოლოგიის მქონე რობოტი, რომელიც დრონებს წამებში ანადგურებს
აშშ-ის თავდაცვის კომპანიებმა Leonidas Autonomous Robotic შექმნეს. ეს მსოფლიოში პირველი მაღალი სიმძლავრის სახმელეთო აპარატია, რომელიც მიკროტალღური ენერგიის მეშვეობით მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენ აპარატებს წამებში ანადგურებს.
საინტერესოა, რომ ახალი სისტემა მიკროტალღური ბიძგებით მოწინააღმდეგეთა დრონების ელექტრონულ სისტემებს თიშავს, ნაცვლად ფიზიკურად განადგურებისა. გარდა ამისა, ეს სისტემა სახმელეთოა და უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე რეაქტიული ჭურვები.
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ათასობით დრონის ერთდროულად მართვის საშუალებას იძლევა
L3Harris Technologies-მა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა AMORPHOUS წარმოადგინა, რომელიც ათასობით დრონის ერთდროულად მართვის საშუალებას იძლევა. ამ პროგრამით მცირე ზომის სამხედრო ქვედანაყოფები შეძლებენ 250-ზე მეტი მცირე უპილოტო საჰაერო (UAS) და სახმელეთო (UGS) სისტემის გუნდურად გამოყენებას ურბანულ გარემოში მისიების შესასრულებლად.
AMORPHOUS-ის შემუშავება უპილოტო სისტემების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩინეთმა კვანტური რადარების შექმნა დაიწყო, რომლებიც აშშ-ის სტელსის ტიპის თვითმფრინავებს დააფიქსირებს
ჩინელებმა ერთფოტონიანი დეტექტორი განავითარეს, რომელიც, ჩინური მედიის თანახმად, ახალი თაობის კვანტური რადარების მთავარი კომპონენტი იქნება. აშშ-ის ისეთი თვითმფრინავები, როგორებიცაა F-22 ან F-35, როგორც წესი, რადარებისთვის უხილავია. ჩინელებიც სწორედ ამის შეცვლას ცდილობენ.
ახალი ერთფოტონიანი დეტექტორი უკიდურესად სუსტ სიგნალებსაც აფიქსირებს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სტელსის სტრატეგიისთვის ეს ტექნოლოგია შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს.
კვანტური გამოთვლები
რა თქმა უნდა, ჩამონათვალს არც კვანტური გამოთვლების მრავალფეროვანი სამყარო გამოაკლდება.
მეცნიერებმა ყველაზე მეტი კუბიტის მქონე კვანტური კომპიუტერი შექმნეს
6100 კუბიტს სუპერპოზიცია 13 წამით შეუნარჩუნეს. ეს წინა მაჩვენებლებს თითქმის 10-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეული კუბიტის გაკონტროლება 99.98%-იანი სიზუსტით იყო შესაძლებელი.
Google-მა ახალი ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც სუპერკომპიუტერებზე 13 000-ჯერ სწრაფია
Google-ის სპეციალისტებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც ტექნოლოგიური და მეცნიერული გარღვევების საფუძვლად შეიძლება იქცეს. ის კვანტურ პროცესორზე მუშაობისას ამოცანების ამოხსნას 13 000-ჯერ უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე მსოფლიოს უსწრაფესი სუპერკომპიუტერები. ეს გვაახლოებს ისეთ კვანტურ კომპიუტერებთან, რომელთა მეშვეობითაც ახალ მედიკამენტებსა თუ მასალებს აღმოვაჩენთ.
ამ ალგორითმს “კვანტური ექოები” ეწოდება. ის პირველია, რომლის დამოუკიდებლად შემოწმებაც სხვა კვანტურ კომპიუტერზეა შესაძლებელი. ექსპერიმენტისას ოპერირების გასაოცარი სიჩქარე მან Google-ის პროცესორ Willow-ზე გაშვებისას აჩვენა.
Microsoft-მა ტოპოლოგიური კვანტური პროცესორი შექმნა
Microsoft-ის მკვლევრების თქმით, პირველი “ტოპოლოგიური კუბიტები” შექმნეს. ეს ყველაფერი მოწყობილობაშია, რომელიც ინფორმაციას მატერიის ეგზოტიკურ მდგომარეობაში ინახავს. მიღწევა მნიშვნელოვანია კვანტური გამოთვლებისთვის.
საუბარია Majorana 1-ზე — პროცესორზე, რომელსაც მილიონზე მეტი კუბიტის მოცვა შეუძლია. ეს, შესაძლოა, კომპლექსური კვანტური გამოთვლების განსახორციელებლად საკმარისი იყოს.
რაში გამოიყენებენ ამ ყველაფერს? პირველ რიგში, ამით შესაძლებელი იქნება დაშიფრული კოდების გატეხა და ახალი მედიკამენტების უსწრაფესად შემუშავება.
იაპონიაში პირველი ჰიბრიდული კვანტური კომპიუტერი გააქტიურეს
იაპონელმა ინჟინრებმა მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული კვანტური სუპერკომპიუტერი გააქტიურეს.
20-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი (Reimei) ინტეგრირებულია Fugaku-ში. Fugaku მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი (მეექვსე) სუპერკომპიუტერია. ჰიბრიდული სისტემა კვანტური და სუპერკომპიუტერის ძალებს აერთიანებს და ისეთი დავალებების გადასაჭრელად იმუშავებს, რომლებსაც კლასიკური სუპერკომპიუტერები ვერ უმკლავდება.
სისტემა კვანტურ კომპიუტერს სპეციალიზებული გამოთვლებისთვის იყენებს, Fugaku-ს სუპერკომპიუტერს კი — ყოველდღიური საქმეებისთვის.
კოსმოსში პირველი კვანტური კომპიუტერი გაგზავნეს
ტექნოლოგიების სფეროში წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს — ფოტონური კვანტური კომპიუტერი კოსმოსში პირველად გაგზავნეს. ეს კომპაქტური სისტემა ვენის უნივერსიტეტის მეცნიერ ფილიპ ვალტერის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გუნდმა შეიმუშავა. ის 23 ივნისს ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა.
კვანტური კომპიუტერის დაპროექტება ისე, რომ ორბიტაზე გამართულად მუშაობდეს, სერიოზულ საინჟინრო გამოწვევებს უკავშირდებოდა. სპეციალისტებმა მოწყობილობა იმგვარად შექმნეს, რომ ექსტრემალური ტემპერატურისთვის, რადიაციისა და კოსმოსური მოგზაურობით გამოწვეული ვიბრაციებისთვის გაეძლო.
კვანტური კომპიუტერის კოსმოსში გაგზავნის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სატელიტის მიერ შეგროვებული მონაცემები (მაგალითად, ტყის ხანძრების შესახებ) პირდაპირ ორბიტაზე მუშავდება. ეს პროცესი ენერგომოხმარებას ამცირებს და რეაგირების დროს აჩქარებს.
რა თქმა უნდა, 2025 წელს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი სიახლეც მოხდა: ტექნოლოგიების სფერო ხომ უსწრაფესად ვითარდება, თუმცა ამ სტატიაში ძირითად მიღწევებს მოვუყარეთ თავი. იმედი ვიქონიოთ, რომ 2026 წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება, მათ შორის ამ სტატიაში განხილული პროექტების ბოლომდე მიყვანის მხრივაც.
· გადახედვა დედამიწა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა
· გადახედვა მეცნიერება შესაძლებელია თუ არა ლევიტაცია? — რას ამბობს მეცნიერება შესაძლებელია თუ არა ლევიტაცია? — რას ამბობს მეცნიერება