რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს” დაარტყა

უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ მასირებულ შეტევას ს თავდაცვის სამინისტრომ უწოდა „ჯგუფური დარტყმა“ უკრაინის „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე”.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით“ დაარტყეს ობიექტებს, სადაც „აწარმოებდა რაკეტებს, საბრძოლო მასალებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს” და ყველა ეს ობიექტი „განადგურებულია“. რუსეთი ისევ არაფერს ამბობს სახლების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა დღეს, 23 იანვარს, დილით მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 1 – კიევში, 1- დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და 3 – ქალაქ ხარკოვში. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა, მათ შორის სახლები და სასწავლო დაწესებულებები.
კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კიევსა და ხარკოვზე დარტყმები ჩაითვალოს პასუხად ქალაქ დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის გამოც რუსეთმა უკრაინის არმია დაადანაშაულა. „არა, არ შეიძლება“, – იყო პესკოვის პასუხი.
უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ბაზარში, აფეთქებები 21 იანვარს მოხდა. რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირი უარყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ