ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის მოადგილე ნახევარმილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას „წინასწარი პატიმრობა“ გირაოთი შეუცვალა – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
· გაბუნია 2025 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს – „ფინანსურმა პოლიციამ“ განაცხადა, რომ ის სუსთან ერთად დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ამასთან, ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება – სულ 18 ობიექტი – გაჩხრიკეს.
· კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი – ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მას გირაო შეუფარდეს.
დღესვე, 30 დეკემბერს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქარსელაძის ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა განუცხადა, რომ კობა გაბუნიას არ მიუცია ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება.
„100 %-ით გეუბნებით, შემრცხვება, თუ ტყუილი აღმოჩნდება. გეუბნებით, რომ ეს [ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება] არ ყოფილა. გამოძიება დარწმუნდა, რომ ქარსელაძე ამ საქმესთან მიმართებაში კავშირში არაა“, – ციტირებს IPN-ი ადვოკატს.
· ჯერჯერობით არ დაუკავებიათ და ბრალი არ წარუდგენიათ ირაკლი ქარსელაძისათვის.
· ირაკლი ქარსელაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
· ბოლო პერიოდში დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი, ხოლო მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი პასუხისგებაში მისცეს.
მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
· პირველი ბიჭიკო პაიკიძეა, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
· მეორე – კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 დოლარი;
· მესამე – ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:
ასევე ნახეთ გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს – სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილი ხიდის საქმე
ფორუმი