“მოვიდნენ პრეზიდენტი და ომბუდსმენი” – ოჯახი, რომელსაც კეკელიძის ქუჩაზე ასახლებენ

“ეს არის ქოც-ნაცური კოალიციის დასასრულის დღე, მე არ მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ჩემი ამბავი. ბიძინა მესამედ მოსულის დასასრული დგება დღეს. ეს იცოდეთ, ხალხო”, – ამბობს ფეისბუკის პირად გვერდზე მარინა ხატიაშვილი, რომლის ოჯახსაც კეკელიძის ქუჩაზე, უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებენ.
ამ წუთებში [1:03] ოჯახის მხარდამჭერები ხატიაშვილის სახლში სიმღერით ელიან პოლიციის შეჭრას ოჯახში.
მარინა ხატიაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სახალხო დამცველს, რომ ადგილზე მივიდნენ და იქ ნახონ, რა ხდება, როგორ ექცევიან ოჯახს.
ხატიაშვილის მოწოდებამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცედურას, სადაც დილიდან დაპირისპირებაა პოლიციასა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის.
ხატიაშვილის ოჯახთან ერთად იმყოფება მეორე ოჯახიც, რომელთა გამოსახლება ხვალ, 24 იანვარს, დადიანის ქუჩაზეა დაგეგმილი.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების მოწინააღმდეგე რამდენიმე აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე არიან. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ