ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი.
როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთან დაკავშირებით სამი შეტყობინება დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ყველა შემთხვევაზე მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.
„მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სამი შეტყობინება. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.
ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ივანე მესხის ქუჩაზე, ხოლო ფასადი – ფიროსმანის ქუჩაზე. ყველა შემთხვევაზე განხორციელდება შესაბამისი რეაგირება.
გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე არსებულ პრომენადზე შტორმის შედეგად გამოირიყა ხრეში. გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაიწყება.
წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.
შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, – განაცხადეს აჭარის მთავრობაში




