ჩერნობილი: რადიაციისგან დამცავი გარსის შესაკეთებლად, უკრაინა ძალისხმევას არ იშურებს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიტოვებული სადისპეჩეროს ნაცრისფერი კედელი ციფერბლატებით, ეკრანებითა და საზომი ხელსაწყოებით არის სავსე, რომელებსაც, თავის დროზე, კატასტროფის თავიდან აცილების ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. 1986 წელს ობიექტზე მომხდარი აფეთქება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ბირთვული ინციდენტი იყო. მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კიევი შიშობს, რომ მორიგი ტრაგედია მხოლოდ დროის საკითხია. თებერვალში რუსული დრონი დაეჯახა და დიდი ხვრელი გააჩინა ახალ უსაფრთხო კონფაინმენტში – რადიაციისგან დამცავი ორმაგი გარსის გარე ფენაში, რომელიც ატომური ელექტროსადგურის ნარჩენებს ფარავს. ის „სარკოფაგის“ სახელით ცნობილი, 1986 წლის კატასტროფის შემდეგ ფოლადისა და ბეტონისგან სასწრაფოდ აგებული დამცავი ფენის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ შემცვლელს წარმოადგენს.
„რუსული დრონის თავდასხმიდან ათი თვის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს და, შესაძლოა, კიდევ სამი-ოთხი წელი დასჭირდეს, ვიდრე გარე გუმბათი თავის პირვანდელ უსაფრთხოების ფუნქციებს დაიბრუნებს“, – განუცხადა სადგურის დირექტორმა, სერგეი ტარაკანოვმა სააგანტო „ფრანს პრესს“ კიევში მიცემულ ინტერვიუში. „ის რადიოაქტიური ნივთიერებების შიგნით შეკავების ფუნქციას აღარ ასრულებს“, – აღნიშნა ტარაკანოვმა, რითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოთქმული წუხილი გაიმეორა. დრონის დარტყმამ ასევე გაურკვეველი გახადა, გაძლებს თუ არა გარსი 100 წელს, რაზეც ის თავდაპირველად იყო გათვლილი. ობიექტის სახურავზე გაჩენილი ღრმა კრატერი, რომელიც „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებმა ამ ზაფხულს ნახეს, დამცავი ეკრანით გადაიფარა, მაგრამ უფრო მცირე ზომის 300-მდე ხვრელი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა გააკეთეს, ჯერ კიდევ ამოსავსებია.
გიგანტური ნაგებობის შიდა ნაწილი ხარაჩოებს უკავიათ, რომელიც 100 მეტრის სიმაღლის ჭერამდე აღწევს. დრონის დარტყმის შედეგად ჩამოყრილი დანახშირებული ნამსხვრევები კვლავ სადგურის იატაკზე ყრია და ეს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებმა, ობიექტზე დეკემბერში ვიზიტისას, თავისი თვალით ნახეს.
რუსეთის არმიამ ჩერნობილის ატომური სადგური 2022 წლის თერვალში უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს დაიკავა, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, უკან დაიხია. ჩერნობილისა და სხვა ატომური ელექტროსადგურების მიზანში ამოღებაში უკრაინამ მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმები ახალი კატასტროფის გამოწვევის რისკს ქმნის. ასეთი დარტყმების შემდეგ, ატომურ სადგურების ენერგოქსელის სიმძლავრეს უკრაინა რეგულარულად ამცირებს. ოქტომბერში, ჩერნობილთან ახლოს მდებარე ქვესადგურზე რუსულმა დარტყმამ კონფაინმენტის სტრუქტურისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.
ტარაკანოვის ცნობით, ობიექტზე რადიაციის დონე „სტაბილური და ნორმის ფარგლებში“ დარჩა. ინჟინერი ივან ტიხონენკო თანამედროვე სადისპეჩერო ოთახში 19 სენსორსა და დეტექტორს ადევნებს თვალს და ობიექტის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს. 1986 წელს ობიექტზე არსებული 190 ტონა ურანის ნაწილი „დადნა, რეაქტორის ბლოკში ჩაიღვარა და არსებობას ისევ განაგრძობს“, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. ამიტომ, ობიექტის ბედი – და ის, რაც შეიძლება მოხდეს – დღესაც განსჯის საგანია.
„რუსეთის კიდევ ერთმა დარტყმამ – ან, თუნდაც სიახლოვეს მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ – შესაძლოა, რადიაციისგან დამცავი შიდა გარსის ჩამონგრევა გამოიწვიოს“, – ამბობს დირექტორი ტარაკანოვი. „თუ მას რაკეტა ან დრონი პირდაპირ მოხვდება, ან თუნდაც სადმე ახლოს ჩამოვარდება… ეს ტერიტორიაზე მინი-მიწისძვრას გამოიწვევს“, – განაცხადა მან. „ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ დამცავი გარსი შენარჩუნდება. სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე“, – დასძინა ჩერნობილის ატომური სადგურის დირექტორმა.
წყარო: 1 არხი




