ვალერი ჩეჩელაშვილი – 2025 წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ნეგატიური შედეგია ევროკავშირთან და ამერიკელებთან კომუნიკაციის არხების ჩაჩეხა – მომავალ წელს „ქართული ოცნების“ ამოცანა იზოლაციის გარღვევა იქნება, ამერიკელებთან იმედი გადაწურული ჯერ არ აქვთ

ევროკავშირთან და ამერიკელებთან ყველანაირი კომუნიკაციის არხების ჩაჩეხა არის 2025 წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ნეგატიური შედეგი, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მიმდინარე წლის შეჯამებისას განაცხადა.
ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროპელებთან თანამშრომლობის საკითხი „საერთოდ დახურული აქვს“, ხოლო ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარება მომავალი წლის მთავარი ამოცანა იქნება.
„ევროპელები „ქართულ ოცნებასთან“კამათში არც კი შედიან, სასაცილოდაც არ ჰყოფნით მათი ნარატივები. აკეთებენ დასკვნებს, რომ ამ ხალხთან ლაპარაკსაც არ აქვს აზრი. ამიტომ არც კი ჩამოდის ჩვენთან კაია კალასი, არც მარტა კოსი. მიუხედავად იმისა, რომ სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან მარტო ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ორი დანარჩენი არა – იმ ორ ქვეყანაში ჩადიან იმიტომ, რომ ერევანთან და ბაქოსთან ხედავენ პერსპექტივას და საუბრის აზრს და ჩვენთან – არა. ეს არის ამ წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე უფრო ნეგატიური შედეგი, ჩაჩეხვა ყველანაირი კომუნიკაციის არხების ევროკავშირთან და ამერიკელებთან.
მომავალ წელს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იქნება ორ ჭრილში: პირველი ეს არის, საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა და მეორე, ეს მოხდეს იმ პირობებით, რომ გარედან არაფერი დაემუქროს მათ მონოპოლიას ხელისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ მას შეეცდებიან ამერიკელებთან ურთიერთობების გამოსწორებით იმიტომ, რომ ამერიკელები კონვენციურ დიპლომატიას ეტრფიან. ტრამპი სულ გარიგებებზე საუბრობს, ამიტომ ამ გარიგებებს ახორციელებს ხოლმე ფასეულობების დაკნინების ფონზე. „ქართული ოცნება“ შეეცდება გახდეს იმ ქვეყნების კლუბის წევრი, რომლებიც არიან კონცენტრირებული ამერიკასთან ურთიერთობებზე. მაგალითად: , უნგრეთი და ა.შ. ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარების იმედი გადაწურული ჯერ არ აქვთ.
ევროპელებთან თანამშრომლობის საკითხი საერთოდ დახურული აქვთ იმიტომ,რომ ევროპა არის ინსტიტუციური ელექტორალური დემოკრატიების ერთობაა, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ თეზისს: მე ვიქნები უპირობოდ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.