თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
სუს-ის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
გამოძიება ამბობს, რომ მის „ბრალეულობას“ კვლავ არ გამორიცხავს.
დაკავება უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა „კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ მცდელობად მიიჩნევს.
„მთავარი ორგანიზატორი“
ხუთშაბათ საღამოს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ახალაიას საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული.
ოქტომბრის დასაწყისში ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. ახალაია – შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი – სუს-ში.
როგორც მაშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, ახალაია აქციასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
„თავად არ გამორიცხა“
ისე, რომ არ უთქვამს, რომ ნადარეიშვილი დააკავეს, ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ“.
„გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“, – თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.
„ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე“, – განაცხადა მაღრაძემ ბრიფინგზე.
„მას [ახალაიას] ჰქონდა საშუალება, ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, [რაზეც არ უპასუხა], რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
ინფორმაცია განახლდება
ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა:
· 2005-2008 წლებში – იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
· 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
· 2009-2012 წლებში – თავდაცვის მინისტრი.
· 2012 წელს, რამდენიმე თვით – შინაგან საქმეთა მინისტრი.
· 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, – თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
· ამის შემდეგ აქციის ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“, მათ შორის ენმ-ის წევრები (მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე) და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე;
· ხუთივე მათგანი დაპატიმრებლია; ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით სხვა ადამიანიც – სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მათი რაოდენობა, ორგანიზატორების ჩათვლით, 60-ს სცდება.
· მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.




