უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს უახლოეს კვირებში უფრო მეტი კომუნიკაცია ექნება ევროკავშირთან და მეზობლებთან.
„ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ჩვენი უკრაინული პრიორიტეტები მომავალი კვირების განმავლობაში. ჩვენ ნათლად ვხედავთ ამოცანას – როგორც პაკეტების კუთხით, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს ფრონტზე, ასევე პარტნიორებთან პოლიტიკური ურთიერთქმედების კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომელიც საჭიროა უკრაინის ფინანსური სტაბილურობისთვის“, – თქვა ზელენსკიმ 21 იანვარს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
მან ასევე თქვა, რომ 21 იანვარს ფრონტის გასწვრივ 60-მდე შეტაკება გაიმართა. მისი თქმით, ავდიივკას მახლობლად ბრძოლები ყველაზე ინტენსიურია, მაგრამ მან ასევე ისაუბრა შეტაკებებზე, ბახმუტთან, მარინკასა და კუპიანსკთან.
„ერთ დღეში არაჰუმანურმა რუსებმა დაბომბეს ასზე მეტი ქალაქი, დასახლება და სოფელი ცხრა რეგიონში: ჩერნიჰივისა და სუმის რეგიონებიდან მიკოლაივისა და კიროვოგრადის რაიონებამდე“, – თქვა მან.
„რუსეთის დარტყმები განსაკუთრებით სასტიკია დონეცკის რეგიონში. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ოჯახის წევრი და მეგობრები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის არ უხსენებია თავდასხმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ დონეცკის გარეუბანში ბაზარზე, რომლის დროსაც, როგორც რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლება ამბობს, დაიღუპა 27 ადამიანი და დაშავდა 25. დენის პუშილინი, რუსეთის მიერ დანიშნულ დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული უკრაინული მხარის თავდასხმის შედეგია.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ოთხი სარაკეტო და 69 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსული ძალების თავდასხმები შვიდი მიმართულებით, ძირითადად ლიმანსა და ავდიივკაში.
შტაბმა თავის ყოველდღიურ შეფასებაში თქვა, რომ რუსი სამხედროები აქტიურად იყენებენ ავიაციას და უპილოტო საფრენ აპარატებს და ატარებენ თავდასხმით ოპერაციებს ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით.