ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული, თითოეულ თანამშრომელს შესთავაზებენ დასაქმების ალტერნატიულ ადგილსა და კომპენსაციას.
სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი იწყება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურად გადაუხდის სახელფასო ანაზღაურებას.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება. ახალი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წელია აქტიურად საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობის დემონტაჟის საჭიროებაზე. მედიკოსები აქციებს მართავდნენ საავადმყოფოს დანგრევის წინააღმდეგ.
