პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კახეთში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე 40 წლამდე კაცს ბრალდება წარუდგინა, თავად ბრალდებული კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პროკურორმა ბრალდება, მამაკაცის ადვოკატს გააცნო.
გამოძიება კაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების დროს, საგამოძიებო ორგანოები ამბობდნენ, რომ მოზარდი 14 წლის იყო, პროკურატურის ცნობით კი იგი 13 წლისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.
კაცს, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაჭრა, 20 იანვარს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში 13 წლის გოგო დედის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა. ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა