ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის არსებული ფასადის დემონტაჟი მოხდება, ახალი კლინიკის მშენებლობის მიზნით კი ტენდერი გამოცხადდება

შემოთავაზებული გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება. მთავრობისგან ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის მიხედვით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ შეუძლია დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება.
„ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც იყო ამავდროულად ჩვენი კონსულტანტი იმ ნაწილში, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა და ამ დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში არის ჩასატარებელი, არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა ამ კლინიკის რეაბილიტაცია. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის. ასევე, მინდა დავამატო, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს იმ ფასადმაც კი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს, დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული და აქ გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც არის მითითებული, რომ გადაუდებლად აუცილებელი და საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან