საქართველოს ელჩი კორეაში დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს

საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში თარაშ პაპასქუა წერს, რომ კორეაში მისიის დასრულებასთან ერთად, ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
„ელჩობის სამი წელი სამხრეთ კორეაში 2022-2025! 22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. ოჯახთან ერთად, საბოლოოდ ვბრუნდები საქართველოში. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო. სამომავლო გეგმებზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის“, — წერს პაპასქუა სოციალურ ქსელში.
პაპასქუა მადლობას უხდის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ილია დარჩიაშვილს კორეაში ელჩად მისი კანდიდატურის წარდგენისთვის. ამბობს, რომ საქართველო-კორეის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით განვლილი სამი წელი არც თუ უშედეგო იყო.
„გვქონდა ბევრი წარმატებაც, ასევე იყო წარუმატებლობაც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მსოფლიო გეო-სტრატეგიული ვითარება წარმოუდგენლად შეიცვალა, რამაც გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზეც“, — წერს პაპასქუა.
მისი თქმით, მიუხედავად ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისა საქართველო-კორეის კონტექსტში, 2023 წელს „სამწუხაროდ ვერ დავუჭირეთ მხარი „მსოფლიო ექსპო 2030“-ის არჩევნებში ქ. ბუსანის კანდიდატურას, რომელიც კორეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პრიორიტეტიც იყო“.
„რა თქმა უნდა, ქვეყანას ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე პარტნიორის სასარგებლოდ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იმ დროს, როგორც ახლად დანიშნულ ელჩს, ძალიან კარგად მახსოვს რამხელა ძალისხმევა, დრო და რესურსი დაუთმო კორეამ კონკრეტულად ამ საკითხს და შესაბამისად, დროც ბევრი დაიკარგა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაში. ასევე, 2024 წლის 3 დეკემბერს, კორეაში მოხდა ის რაც ბოლო 40 წელი არ მომხდარა — გამოცხადდა საგანგებო საომარი მდგომარეობა, რომელსაც მოყვა პრეზიდენტის მყისიერი იმპიჩმენტი, თანმხლები მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება ს გზით 2025 წლის 3 ივნისს“, — აცხადებს პაპასქუა და დასძენს, რომ არც საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა სახარბიელო.
„ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი, მნიშვნელოვნად დაზიანდა“, — აღნიშნავს დიპლომატი.